„გამორიცხული არ არის, რომ მოხდეს დაკავება,“ - ეს განცხადება, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა, მარიამ კუბლაშვილმა გააკეთა. მალხაზ მაჩალიკაშვილი უკვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში იმყოფება. ის უწყებაში ცოტა ხნის წინ მივიდა.
მაჩალიკაშვილს გომელაურის უწყება სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის დაგეგმვაში ადანაშაულებს. ადვოკატი მარიამ კუბლაშვილი იმედოვნებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს არ დააკავებენ, რადგან მისი მტკიცებით, საგამოძიებო უწყებას საკმარისი მტკიცებულებები არ აქვს.
„მაჩალიკაშვილის დაკავება იმ მტკიცებულებების გათვალისწინებით, რაც ჩვენ ვნახეთ და იმ მასალის გათვალისწინებით, რაც მე მაქვს ინფორმაცია, არ არსებობს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილი.
მაჩალიკაშვილის ინტერესების დამცველი მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხვაზეც საუბრობს. კუბლაშვილი ამბობს, რომ დღეს მალხაზ მაჩალიკაშვილი არის უბრალოდ მოწმის სტატუსით დაბარებული და მხარეს არ წარმოადგენს, შესაბამისად, არ აქვს უფლება, რომ მოითხოვოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხვა.
„იმ შემთხვევაში თუ მისი მისამართით იქნება ბრალი წაყენებული, თავისთავად ცხადია ჩვენ მივმართავთ, ჩვენთვის უკეთესია და ცხადია, რომ საჭირო და აუცილებელია, რომ მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვა მოხდეს სასამართლო წესით. მეტად გამჭვირვალე პროცესია, მეტად საშუალება გვექნება დაცვის მხარეს, რომ ავიცილოთ ის კითხვები, რომელიც არარელევანტურია და არ არის შემხებლობაში საქმის ფაქტობრივ და არსებით გარემოებებთან და ამავდროულად ავიცილებთ იმ ემოციურ ფონს, რასაც მალხაზ მაჩალიკაშვილი ამ შენობაში შესვლის შედეგად იღებს,“ - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.
სუს-ი გამოძიებას ტერორისტული თავდასხმის მომზადების მცდელობის მუხლით აწარმოებს. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გაავრცელა აუდიო ჩანაწერი სადაც უწყების მტკიცებით, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილს ესაუბრება და სოსო გოგაშვილის მიმართ თვალთვალს სთხოვს. საგამოძიებო უწყებამ უკვე დაკითხა მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმისშვილი, რომელიც ჩანაწერში ფიგურირებს.