უზენაესი სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე ტელეკმერებთან გამოჩნდა. ათი თვის წინ გაუჩინარებულმა სასამართლოს ყოფილმა თავმჯდომარემ დღეს დუმილი დაარღვია და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
ნინო გვენეტაძე ამბობს, რომ თანამდებობა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო დატოვა, დღეს კი მზად არის საგანმანათლებლო საქმიანობას შეუდგეს. ის წარმატებას უსურვებს მართლმსაჯულებას, თუმცა მთავარ კითხვას - ვინ აიძულა, პოსტიდან წასვლა და იყო თუ არა შანტაჟის მსხვერპლი, არ პასუხობს. ამბობს, რომ მასზე ზეწოლას ადგილი არ ჰქონია და კონფლიქტები, რომელზეც მისი თანაშემწე საუბრობდა, მხოლოდ სამუშაო პროცესს უკავშირდებოდა და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფას ემსახურებოდა.
„უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის, იუსტიციის საბჭოს თავმჯდომარის და აქტიური მოსამართლის პოზიციის განხორციელება ძალიან დიდ ძალისხმევას ითხოვდა, რამაც რეალური ასახვა ჰპოვა ჩემს ჯანმრთელობაზე. ამდენად, მე დამჭირდა დრო სარეაბილიტაციოდ. განცხადებაც, რომელიც წერილობით გავაკეთე აბსოლუტურად დეტალურად შეიცავდა ამ ინფორმაციას. მე არ ვიცი რატომ არ არის თქვენთვის ეს განცხადება სარწმუნო. ეს პერიოდი მოვახმარე ჩემი ჯანმრთელობის რეაბილიტაციას.
დღეს მაქვს უნარიც და ჯანმრთელობის მდგომარეობაც მიწყობს ხელს, რომ აკადემიური და საგანმანათლებლო საქმიანობა განვახორციელო. არავითარი ზეწოლა ჩემზე არ განხორციელებულა. მე მყარი საკონსტიტუციო ვადით ვიყავი გამწესებული უზენაეს სასამართლოში და არავითარი ზეწოლა არ ყოფილა.
მე ვიცნობ ჩემი ყოფილი თანაშემწის განცხადებებს, მას აქვს მოსაზრებები, რომლებიც გარკვეულ საკითხთან მიმართებაში აზრთა სხვადასხვაობისას ბუნებრივია იწვევდა განსხვავებულ და ხშირად კონფლიქტურ სიტუაციებს და თუ მე მეკითხებით და ჩემი აზრით გაინტერესებთ, ჩემმა თანაშემწემ საკმაოდ სწრაფად დატოვა შემდეგ ის პოზიცია, რომელსაც ჩვენ ერთად ვახორციელებდით და ამის შემდეგ საერთოდ სასამართლო ხელისუფლება, მართლმსაჯულების რეფორმის ეტაპები, კოლეგიურ ორგანოში მოღვაწეობა, როგორიც იუსტიციის საბჭოა წარმოშობდა კონფლიქტებსაც, წინააღმდეგობრივ აზრებსაც, შეუთანხმლებლობასაც, ეს პროცესი იყო სამუშაო, რომლის მთავარი მიზანი იყო დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულების უზრუნველყოფა. ამდენად, მას თავისი შეხედულებები აქვს და თავისი ეთიკური სტანდარტი ამ საკითხთან მიმართებაში და საუბრობს ის, რაც იცის ან ნახა,“- განაცხადა ნინო გვენეტაძემ.