პანკისში ჩატარებული სპეცოპერაციისას მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა 6 საათია, სუს-ში დაკითხვაზე იმყოფება. საქმე, რომელზეც მაჩალიკაშვილი ამ ეტაპზე მოწმის სტატუსით პასუხობს გამომძიებლების შეკითხვებს, განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულს განეკუთნება. ერთადერთი მტკიცებულება, რომელსაც სუს-ი ამ ეტაპზე ასაჯაროვებს, აუდიოფაილია, რომლის ერთ-ერთი ფიგურანტი მალხაზ მაჩალიკაშვილია.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში აცხადებენ, რომ უწყების ყოფილი მაღალჩინოსნის, სოსო გოგაშვილის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი იგეგმებოდა, თუმცა მეტი დეტალი ამ დრომდე უცნობია.
მალხაზ მაჩალიკაშვილის დაკითხვის დაწყების პარალელურად, პანკისის ხეობის მოსახლეობა დუისში მის მხარდამჭერ აქციაზე შეიკრიბა და ხელისუფლება გააფრთხილა. მალხაზ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები სუს-ის შენობასთან იმყოფებიან. მათ არ აქვთ მოლოდინი, რომ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, რადგან ამბობენ, რომ ამის არანაირი საფუძველი არ არსებობს.
„ძალიან დიდი შეცდომაა დაშვებული. თუ მამაჩემი ნამდვილად ტერორისტია, დაეკავებინათ ფაქტზე. იმ ჩანაწერში არც აფეთქება არ არის ნახსენები, არც იარაღი. ამათ უნდათ, ტერორისტები გამოგვიყვანონ. მე არ მგონია, რომ დააკავონ. არანაირი საფუძველი არ არის,“ - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილის შვილმა, ნატა მაჩალიკაშვილმა.
მედიკო მარგოშვილი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მის მეუღლეს, მალხაზ მაჩალიკაშვილს დააკავებენ, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქციას ის გააგრძელებს.
„თუ სუს-ის შენობა არ დატოვა, ვაგრძელებ პარლამენტის წინ აქციას, სანამ თემირლანის უდანაშაულობა არ დამტკიცდება და ეს მკვლელები არ დაისჯებიან. იმ ვიდეოში ისეთი არაფერია, თავის ძმისშვილს რჩევებს აძლევს, ბოლოში არის, "გოგაშვილი უნდა გავანადგუროთ." ეგ შურისძიების იმით გამოდის, ამათ კიდევ ტერორისტობა დააბრალეს. მკვლელი არ უნდა დაისაჯოს? განადგურდნენ ჩემი შვილის მკვლელები,“ - განაცხადა მედიკო მარგოშვილმა.