საგანგაშო მდგომარეობა ტაო-კლარჯეთის ქართულ სალოცავებში - X საუკუნის ცნობილი ქართული ტაძრის – დოლისყანის კარიბჭეში ტუალეტი შენდება!
ინფორმაციას ისტორიკოსი ბუბა კუდავა ფოტომასალასთან ერთად საკუთარი ფეისბუკის გვერდზე ავრცელებს.
კუდავა წერს, რომ ტაძრის კარიბჭეში უკვე ამოთხრილია ორმოები, რომლებიც რკინის ცხაურითაა დაფარული ასევე, ჩალაგებულია მილები, ტაძარში შეტანილია შესაბამისი მასალა.
"აქაური ისტორიული ძეგლების დაზიანების (უყურადღებობით გამოწვეული თუ განზრახ ჩადენილი) უამრავი ფაქტია ცნობილი, მაგრამ იმედის მომცემი იყო ტენდენცია, რომ ბოლო ათწლეულებში მსგავსი ფაქტები ძალზე შემცირდა. ის, რაც ახლა დოლისყანაში ხდება, სრულიად დაუჯერებელია!
"21-ე საუკუნეა, 2019 წელია და ტაო-კლარჯეთის ძეგლების დიდი ისტორიული და კულტურული მნიშვნელობა უკვე კარგა ხანია კარგად ესმით ჩვენს თურქ კოლეგებსა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის შესაბამის უწყებებს.
იმედი მაქვს, სასწრაფოდ შეწყდება სამუშაოები.
"P. S. საქმის კურსშია საქართველოს საელჩო თურქეთში. ვესაუბრე ელჩს – ბ-ნ გია ჯანჯღავას. უკვე შეუდგა ინფორმაციის გადამოწმებას. დარწმუნებული ვარ, ცდას არ დააკლებს საკითხის მოგვარებას,"-წერს კუდავა სოციალური ქსელით გავრცელებულ პოსტში.
ისტორიკოსმა "კურიერთან" საუბარში აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც საელჩო ვითარების გარკვევას შეეცადა, გაირკვა, რომ მშენებლობაზე თურქული მხარის მიერ ნებართვა არ იყო გაცემული. ამ დროისთვის კი, კუდავას ინფორმაციით, მშენებლობა შეჩერებულია.
„ქართველი ტურისტები წააწყდნენ ძალიან უცნაურ სიტუაციას ტაო-კლარჯეთში, ერთ-ერთ ძალიან ცნობილ ქართულ ტაძართან, ეს არის X საუკუნის ტაძარი, დოლისყანა და გაირკვა, რომ იქ შენდებოდა საპირფარეშო უშუალოდ ტაძრის კარიბჭეში. შეძლებისდაგვარად გავავრცელეთ ინფორმაცია და როგორც გაირკვა, საქმეში ჩაერთო საქართველოს საელჩო თურქეთში, პირადად ელჩი დაუკავშირდა შესაბამისს უწყებებს და როგორც გაირკვა, არცერთი უწყება ამ სამუშაოების საქმის კურსში არ იყო. როგორც ჩანს, ეს იყო ადგილობრივი სოფლის მცხოვრებთა ინიციატივა, რომ ტურისტებისთვის, როგორც ჩანს მახლობლად საპირფარეშო არ იყო, საპირფარეშო მოეწყოთ სწორედ ამ სივრცეში. როგორც შემატყობინეს, სამუშაოები უკვე შეწყვეტილია,“ - განაცხადა ბუბა კუდავამ.