ახალი დეტალები ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების გატაცების შესახებ - სოფელ ყარაფილადან ორი მამაკაცი 9 მაისს არის გატაცებული. დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი სოფელ ქვეჭალაში ცხოვრობდნენ. ისერგიშვილი 50 წლამდე ასაკისაა, პატარკაციშვილი კი - 35 წლის.
„კურიერის“ ჟურნალისტი გატაცებულების ოჯახის წევრებს და მეზობლებს ესაუბრა. თანასოფლელების ინფორმაციით, ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე სატაცურის საკრეფად იყვნენ წასულები. სწორედ ამ დროს შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე მათგანი დააკავეს.
პატარკაციშვილის დედის თქმით, მისი შვილი სოფელ ყარაფილაში მიწის ნაკვეთს ფლობდა და ამის გამო მიწის დასამუშავებლად იქ ხშირად მიდიოდა.
„ლობიო უთესია და იმის დასათვალიერებლად წავიდა, რა ტერიტორიაზე უთესია, ისიც არ ვიცი. არავის დაურეკავს. არაფერი არ ვიცით. მოვიდნენ, შეგვატყობინეს და მეტი მე აღარც პოლიცია მინახავს და არც არავინ,“ - განაცხადა ვასილ პატარკაციშვილის დედამ, მედიკო პატარკაციშვილმა.
სუს-ის ცნობით, მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმირებულია ევროკავშირის წარმომადგენლობა და ასევე ამოქმედებულია ცხელი ხაზი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მოქალაქეების გატაცების შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. ფაქტი კი მას შემდეგ დაადასტურეს, რაც უწყებას "კურიერი" დაუკავშირდა.