17 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
ჩვენი შვილები ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მიჰყავთ - ქვემო ჭალის მოსახლეობა ოკუპანტების მიერ გატაცების ფაქტებზე საუბრობს

საქართველოს ორი მოქალაქის ოჯახებს, რომლებიც ოკუპანტებმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაფილადან გაიტაცეს, ჯერჯერობით არავინ დაკავშირებია. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ დიმიტრი ისერგიშვილი და ვასილ პატარკაციშვილი ცხინვალის იზოლატორში ჰყავთ გადაყვანილი.

ორივე მათგანი სოფელ ქვემო ჭალაში ცხოვრობდნენ და ე.წ. საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე მიწის დასამუშავებლად იყვნენ წასულები, რა დროსაც შეირაღებული ფორმიანები გამოჩნდნენ და ორივე დააკავეს.

საქართველოს ორი მოქალაქე  ოკუპანტებმა ორი დღის წინ, 9 მაისს გაიტაცეს, თუმცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ეს ინფორმაცია მხოლოდ დღეს მას შემდეგ დაადასტურა, რაც „კურიერი“ უწყებას მომხდარის გადამოწმების მიზნით დაუკავშირდა.

ადგილობრივების თქმით, ოკუპანტების მიერ მოქალაქეების გატაცების ფაქტები ხშირად ხდება.

„რამდენი დღე გავიდა და არ გაახმაურეს. საკვირველი არ იყო? როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე, ტყეში ვერ შესულხარ, მავთულხლართს ვერ გაჰკარებიხარ, არაფერი ყურადღება არ არის," - აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.

ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრები მოქალქეები ამბობენ, რომ მუდმივ შიშში არიან. 

"ჩვენი საფიქრალი ის არის, რომ ჩვენი შვილები ასე აღარ დაიჭირონ და არ წაიყვანონ იქით, რომ უბრალოდ ფეხი ვეღარ გადაუდგამთ, ერთ ნაბიჯს გადადგამენ და მიჰყავთ,“ - აცხადებენ „კურიერთან“ საუბრისას ადგილობრივები.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები