„კურიერმა“ „მამიდას“ საქმის მასალები და აუდიომტკიცებულებები მოიპოვა. პირველივე პატაკში წერია, რომ პოლიციამ ხუცურაულს იგივე „მამიდას“ და სხვა დაკავებულების საქმეებს გრიფით საიდუმლო დაადო.
როენა ხუცურაულს სამი თვის განმავლობაში ფარულად უსმენდნენ და როგორც აუდიოფაილებიდან ირკვევა, მან ეს იცოდა. სატელეფონო საუბრის დროს ის ცდილობდა არა ტელეფონით, არამედ მოსასმენად უფრო რთული whatsapp-ის აპლიკაციით ესაუბრა.
ფარული სატელეფონო მოსმენების ჩანაწერებიდან ირკვევა, რომ როენა ხუცურაულს, პრობლემები ჰქონდა და დაკავებამდე თვენახევრით ადრე, მთელი მისი ქონების გადაფორმებით იყო დაკავებული.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, ხუცურაულმა 2019 წლის მარტში, მის სახელზე გადაიფორმა ბინები საბურთალოზე, ნაძალადევსა და სანზონაში, ასევე სასტუმრო „მამიდა“ გლდანში და მიწის ნაკვეთები თიანეთში. ამავე დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ როენა ხუცურაული ფლობს, მიწის ნაკვეთს აბასთუმანში, ერთი მცირე შენობით. ეს ნაკვეთი სახელმწიფოს კუთვნილ ტერიტორიას ესაზღვრება.
იუსტიციის სამინისტროს დოკუმენტებში ჩანს, რომ ხუცურაულს ამ მიწის ნაკვეთზე დავა ჰქონდა და საჯარო რეესტრმაც სარეგისტრაციო წარმოება შეუჩერა. როენა ხუცურაული სატელეფონო ჩანაწერებში არ ყვება, თუმცა აუდიოფაილებიდან ირკვევა, რომ სასტუმრო „მამიდას“ მფლობელი პრობლემების გამო გაბრაზებულია.
სასტუმრო „მამიდას“ მფლობელის ადვოკატმა „კურიერთან“ საუბრისას თქვა, რომ დაკავება შესაძლოა იმ ქონებრივ დავას უკავშირდებოდეს, რომელიც მიწის ნაკვეთების გამო როენა ხუცურაულს ჰქონდა.
როენა ხუცურაულის საქმეში, ფარული მოსმენის ათობით ჩანაწერი და ასობით sms-ია. ჩანაწერებიდან, დგინდება, რომ ხუცურაული სასტუმრო „მამიდას“ მართვაში თავად მონაწილეობდა.
რატომ დასჭირდა პოლიციას როენა ხუცურაულის საჩვენებელი დაკავება, უცნობია. კადრებში, რომელიც პოლიციამ გაავრცელა, ხუცურაულს დაკავების მომენტში, სხვადასხვა ტანსაცმელია აცვია. ბინაში ხელბორკილების დადების დროს, ის კადრებში სხვა კაბით ჩანს, სადარბაზოდან გამოყვანის დროს კი სხვა ტანსაცმელი აცვია.
სატელეფონო საუბრების ჩანაწერებიდან, რომლის სტენოგრამებიც „კურიერს“ ხელში ჩაუვარდა, ირკვევა, რომ ხუცურაული სასტუმროს მართვაში თავად მონაწილეობდა და თავად ანაწილებდა, ვის რა პოზიციაზე და რამდენი ხანი უნდა ემუშავა. ირკვევა, რომ სასტუმრო „მამიდაში“ დასაქმების მსურველი ბევრი იყო, მათ შორის უცხოეთის მოქალაქეებიც.
„მამიდას“ მფლობელი დღეს წინასწარი პატიმრობა გაათავისუფლეს, თუმცა მუხლი, რომელითაც ხუცურაულის წინააღმდეგ ძიება მიმდინარეობს, 3-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.