რა ბედი ეწევა დავით გარეჯს - უდაბნოს მონასტრისკენ მიმავალი გზის ჩაკეტვის შემდეგ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი აზერბაიჯანელ კოლეგას პირველად შეხვდა. საუბარი ორი ქვეყნის პირველ დიპლომატებს შორის ბრიუსელში შედგა, სადაც საქართველოც და აზერბაიჯანიც აღმოსავლეთ პარტნიორობის ათი წლისთავთან დაკავშირებულ საიუბილეო შეხვედრას ესწრებიან.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი არ გააკეთა. რაც შეეხება დავით ზალკალიანს, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით მას აზერბაიჯანელ კოლეგასთან პერმანენტული ურთიერთობა აქვს. მისივე თქმით დავით გარეჯის თემაზე კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა მიმდინარე კვირას შედგება.
„მუდმივ კომუნიკაციაში ვიმყოფები ჩემს აზერბაიჯანელ კოლეგასთან. დღესაც რა თქმა უნდა მქონდა ამაზე საუბარი. რა თქმა უნდა არის მიღწეული შეთანხმება, რომ კომისიები, რომელიც ჩვენ განვაახლეთ როგორც ჩვენ ასევე აზერბაიჯანულმა მხარემ, კომისიის თანათავმჯდომარეების შეხვედრა გაიმართება ამ კვირაში. ბუნებრივია, ჩვენ ყველამ ერთად, მე მოვუწოდებ აბსოლუტურად მთელს პოლიტიკურ სპექტრს, არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს, საზოგადოებას, რომ თავი შევიკავოთ ემოციური განცხადებებისგან და მივცეთ საშუალება კომისიას და თანათავმჯდომარეებს დაწყნარებულ ვითარებაში ისაუბრონ ამ საკითხზე, რადგან ძალიან მგრძნობიარე საკითხია და აქ ჩვენ რა თქმა უნდა ემოციები გვერდზე უნდა გადავდოთ,“-განაცხადა დავით ზალკალიანმა.