17 ნოემბერი 2024,   17:36
ვრცლად
არასამთავრობოების მიმართვა კობახიძეს- მესამე სექტორი პარლამენტს იუსტიციის საბჭოს წევრისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას სთხოვს

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე სასამართლოსთვის“ ირაკლი კობახიძეს მიმართავს და მოითხოვს პარლამენტმა უფლებამოსილება შეუწყვიტოს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს ზაზა ხარებავას. ხარებავა საბჭოში სწორედ პარლამენტის კვოტითაა წარდგენილი, თუმცა არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ თავის დროზე მისი საკანონმდებლო ორგანოსთვის წარდგენა კანონდარღვევით მოხდა და არც მისი კომპეტენციაა საკმარისი. საქმე იმაშია, რომ ხარებავას კანდიდატურა არასამთავრობო ორგანიზაცია „აფახეზთმა“ შესთავაზა პარლამენტს, თუმცა მოგვიანებით გაირკვა, რომ თავად ამ ორგანიზაციას სასამართლოში არასოდეს დაუცავს მესამე პირის ინტერესები.

„პარლამენტს კარგად უნდა სცოდნოდა, რომ ბატონი ხარებავას დოკუმენტაცია არ შეესაბამებოდა კანონმდებლობას  მაგრამ ვიღაცამ ამაზე თვალი დახუჭა თავის დროზე. მაგრამ ახლა ცხადია, რომ ის არის კანონდარღვევით ნომინირებული და შესაბამისად პარლამენტის რეგლამენტი მსგავს შემთხვევაში ითვალისწინებს მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ვადამდე. თავად, რომ ჰყოფნიდეს პროფესიული კეთილსინდისიერება ის თავად უნდა ტოვებდეს ამ თანამდებობას და არიდებდეს პარლამენტს ამ ცოტა უხერხული გადაწყვეტილების მიღებას,“-განაცხადა არასამთავრობო ორგანიზაცია ”საქართველოს დემოკრატიული ინიციატივას” თავმჯდომარემ გიორგი მშვენიერაძემ.

ზაზა ხარებავას გადაყენებას ითხოვს ”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” აღმასრულებელი დირექტორიც. ეკა გიგაურის თქმით, თავის დროზე პარლამენტმა შესაძლოა გარკვეული ინტერესების გამო მხარი დაუჭირა ხარებავას. თუმცა მისი თქმით ახლა საკანონმდებლო ორგანოს აქვს შანსი ეს შეცდომა გამოასწოროს.

„ცხადია, რომ ამ ადამიანის დანიშვნა თავის დროზე მოხდა იმიტომ, რომ ალბათ მოლოდინი იყო იმის, რომ ალბათ დაუჭერდა მხარს იმ გადაწყვეტილებებს რომელიც „ქართული ოცნებისთვის“ იქნებოდა მისაღები. ზუსტად ამიტომ ტავის დროზე პარლამენტმა არ დასვა კითხვის ნიშნები  იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებითაც და ამ კონკრეტულ პირთან დაკავშირებითაც, როდესაც მისი შერჩევა მოხდა. ზუსტად ამიტომ დღეს მათ აქვთ ნამდვილად შანსი იმისა რომ გამოასწორონ ეს შეცდომა და კიდევ ერთხელ დააყენონ საკითხი ამ ადამიანის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით,“-განაცხადა ეკა გიგაურმა. 

დღის ამბები