სამეგრელო შუალედური არჩევნებისთვის ემზადება. მათ შორის არის სოფელი კორცხელიც,
რომელიც ყურადღების ცენტრში 2016 წელს მოექცა ოპოზიციაზე თავდასხმის გამო. ეს არის სოფელი, სადაც "ქართულ ოცნებას" არჩევნები 2012 წლის შემდეგ არც ერთხელ არ მოუგია.
კამერებთან ღიად საუბარს თავს არიდებენ, თავისუფლად საუბრის ხალხს ეშინია. ერთ-ერთმა ადგილობრივმა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტს ჰკითხა: "რა ვიცი, რომ ნამდვილად "რუსთავი 2"-დან ხარ? იქნებ, სინამდვილეში, "ქართული ოცნების" მოგზავნილი ხარ?"
მოსახლეობას კამერებთან საუბარი უჭირს. ამბობენ, რომ ხელისუფლება მათი დაშინებით არის დაკავებული. კორცხელში აცხადებენ, რომ "ოცნება" მათ ჩამოწერილი საბანკო ვალების განახლებით და სოციალური დახმარების მოხსნით ემუქრება.
კორცხელში ამბობენ, რომ სოფელი უკიდურეს გაჭირვებაშია.
„ღარიბები კი არა ღატაკები ვართ. ღარიბი არ ჰქვია ჩვენს ცხოვრებას. მშივრები ვართ. არ რცხვენია ამ მთავრობას, არ რცხვენია ივანიშვილის. სულ ჩემი ხელით მოვკლავ შვილებს ვფიცავარ, რომ მიმიყვანო ისე გაბრაზებული ვარ. არ რცხვენიათ ასე სამარცხვინოდ, რომ ვცხოვრობთ. არც მარჩენალდაკარგული იციან. 100 ლარით რომ იცხოვროს ბავშვმა .... სკოლაში ვერ გავუშვი, რით წასულიყო ბავშვი არ ჰქონდა არც ჩასაცმელი. არც სოციალური მომცეს, არც არაფერი. "შენო აგერ კარგი სერვანდი გაქვსო." სერვანდი ვჭამო მე ვუთხარი ეს ათი წლის უკან ვიყიდე,“-აცხადებენ კორცხელში.
სოფელში ამბობენ, რომ "ოცნების" მთავრობა არაფერს აკეთებს.
„ეს მთავრობა არაფრის გამკეთებელი, რომ არის ყველამ იცის,“-ამბობენ კორცხელში.
კორცხელის მსგავსად უკიდურეს გაჭირვებაზე საუბრობენ ჯიხაშკარში, სადაც რამდენიმე თვის წინ ივანიშვილი იმყოფებოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ ოლიგარქი მათ არ შეხვედრია.
ჯიხაშკარშიც კორცხელის მსგავსად მოხსნის უსამართლოდ მოხსნილ სოციალურ დახმარებებზე საუბრობენ.
სოფელში არ აქვთ წყალი, კანალიზაცია და ბუნებრივი აირი.
იგივე პრობლემებზე საუბრობენ სოფელ ჭაქვინშიც. მოსახლეობა ქვეყანაში არსებულ უსამართლობაზე საუბრობს.