ჭიათურ-მანგანეზის მაღაროელების საპროტესტო აქცია კვლავ გრძელდება. გაფიცულები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და ხელფასების გაზრდას ითხოვენ. აქციის მონაწილეების თქმით, 3 ათასზე მეტი ადამიანი, საკმაოდ რთულ სამუშაო პირობებს აპროტესტებს. მათი განცხადებით, მაღაროში მუშაობა ძალიან მძიმეა.
გაფიცულები ამ წუთებში ჭიათურ-მანგანეზის ადმინისტრაციულ შენობასთან იმყოფებიან და არ ამბობენ, რომ დაიშლებიან, მანამ, სანამ მოთხოვნების დაკმაყოფილების შესახებ დაპირებას არ მიიღებენ.
„რასაც ვშრომობთ, უნდა ღირდეს, უნდა გვინაზღაურებდნენ. უნდა გვექცეოდნენ ადამიანურად. მაღაროში წამსვლელი კაცი ნერვებმოშლილი არ უნდა გაუშვა, უნდა გაუშვა დაპურებული, მაძღარი. 15 წუთი „პერერივი“ არ კმარა 12 საათში. არ უნდა დალიოთ ჩაი, ყავა, არ უნდა დაიძინოთ. იმუშავეთ, მორჩებით თუ არ მორჩებით მუშაობას, უნდა იდგე ფეხზე, იარე წინ და უკან, იმიტომ, რომ თურმე, გიყურებს კამერა და არ შეიძლება, კომპანია ზარალდება. არანაირი ადამიანური პირობები ჩვენ არ გაგვაჩნია აქ,“ - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
საპროტესტო აქციაზე მივიდა მერობის კანდიდატი დავით ჭუმბურიძე. მისი თქმით, ის გვერდით უდგას მაღაროელებს, როგორც რიგითი ჭიათურელი.
„ყველა ჭიათურელს მოვუწოდებ, მოვიდნენ და დადგნენ ჭიათურელების გვერდით იმიტომ, რომ დღეს არის გადამწყვეტი ბრძოლა ჭიათურისთვის. ეკოლოგიური მიმართულებით კატასტროფული მდგომარეობაა. მაღაროელები მიტოვებულები არიან და არავის არ ახსოვთ. მილიარდები გადის ამ ქალაქიდან, დაახლოებით, მილიარდი ლარი ტოვებს ჭიათურას ყოველწლიურად და არც მაღაროელებს და არც ქალაქს ამით სარგებელი არ აქვთ,“ - განაცხადა დავით ჭუმბურიძემ.
ჭიათურ-მანგანეზის ხელმძღვანელობაში არ გამორიცხავენ, რომ აქცია გარე ძალების მხრიდან იყოს ორგანიზებული. მათი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ გაფიცულებმა მიიღეს დაპირება, რომ გადაიხედება მოთხოვნები, ისინი დაშლას მაინც არ აპირებენ. აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ პოლიტიკა არაფერ შუაშია და მათ არავითარი გარე ძალა არ მართავთ.
ავტორი: ნინო გაზდელიანი.