17 ნოემბერი 2024,   17:53
ვრცლად
რუსთავის მეტალურგიული ქარხნის მუშები პროტესტს ორშაბათამდე გააგრძელებენ

მეტალურგიული ქარხნის მუშების პროტესტი ორშაბათამდე გრძელდება. გაფიცულები ელოდებიან ადმინისტრაციის პასუხს მათ მოთხოვნებზე. დღევანდელ შეხვედრაზე მხოლოდ ერთი მოთხოვნა დაკმაყოფილდა, დასაქმებულებს სამუშაო საათები შეუმცირდებათ.  

ამის მიუხედავად, მუშები ორშაბათამდე დაშლას და სამუშაო ადგილებზე დაბრუნებას მაინც არ აპირებენ. ვინაიდან, ისინი მეორე საწარმოს, ფოლადის მწარმოებელი მუშების პირობების დაკმაყოფილებას ელოდებიან, რომლებიც ხელფასების 50%-ით ზრდას ითხოვენ. ისინი იმ უმძიმეს პირობებზე საუბრობენ, რომელშიც მუშაობა უწევთ. 

„ადრე თუ ვმუშაობდით 20-21 დღე, ახლა მოგვიწევს 15 დღე მუშაობა და როგორც გვითხრეს, იგივე ხელფასი იქნება. არ არის ბოლომდე მისაღები პირობა, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, როგორც ვმუშაობდით, იმასთან შედარებით უკეთესობა არის. ბოლომდე ჯერ მაინც არ გვაქვს გადაწყვეტილი,“ - ამბობს ერთ-ერთი დასაქმებული.

მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილის განცხადებით, მუშებს ხელფასების მომატებასთან დაკავშირებით, საბოლოო პასუხი ორშაბათს ეცნობებათ. 

„ძირითადი მოთხოვნა იყო სამ-ცვლიანი სამუშაოს 4-ცვლიანად  გადაკეთება, რაც გულისხმობს სამუშაო საათების შემცირებას და მათი მოთხოვნა იყო, რომ შემცირებასთან ერთად არ შემცირებულიყო მათი ხელფასი, ანუ საათობრივი ანაზღაურება გაზრდილიყო, რასაც ჩვენ დავეთანხმეთ. დღეს იყო შეხვედრაზე ასევე სხვა რამდენიმე საამქროს წარმომადგენელი, მათი მოთხოვნები მე ჯერ არ ვიცი და ზოგადად, ყველა ითხოვს ანაზღაურების გაზრდას ცხადია, მაგრამ კონკრეტული მოთხოვნები მათი არ ვიცი. დავპირდი, რომ მათ საამქროებსაც შევხვდები, მოვისმენ და ასევე ვუპასუხებ“ - განაცხადა მეტალურგიული ქარხნის დირექტორის მოადგილემ არჩილ მელაქაძე.

 

 

 

დღის ამბები