17 ნოემბერი 2024,   17:54
ვრცლად
საფეხბურთო სკანდალი - სავარაუდოდ, გარიგებული თამაშების გამო, 5 ფეხბურთელი დააკავეს

გარიგებული თამაშები - თბილისის „ვიტ ჯორჯიას“ 5 ფეხბურთელი ბათუმის სტადიონზე მატჩის დასრულებისთანავე დააკავეს. გამოძიება წინა პერიოდებში გამართული ორი შეხვედრით არის დაინტერესებული.  

გავრცელებული ცნობით, საქმე ეხება 4 მაისს, „რუსთავისა“ და „ვიტ ჯორჯიას“ შორის გამართულ მატჩს, სადაც „ვიტ ჯორჯია“ 2:0-ს იგებდა, თუმცა უკანასკნელ 15 წუთში 3:2 წააგო. რაც შეეხება მეორე თამაშს, ეს არის 2018 წლის, დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური შეხვედრა, როდესაც „ვიტ ჯორჯია“ თელავთან 0:3 დამარცხდა. 

საეჭვოდ, ჯერჯერობით, მხოლოდ ორი თამაშია მიჩნეული, თუმცა არ არის გამორიცხული, იმ ფეხბურთელების რაოდენობა გაიზარდოს, რომლებიც გარიგებულ თამაშებში არიან მხილებული.   

„ვიტ ჯორჯიას“ გარდა, გარიგებულ თამაშებში სხვა გუნდიც იქნა მხილებული. საუბარია „ლანჩხუთის გურიის“ გუნდზე. კლუბის ერთ-ერთი ფეხბურთელი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს, ხოლო მეორე ფეხბურთელს, პოლიცია ამ დრომდე ეძებს. 

ლანჩხუთის გურიის პრეზიდენტის,  კახა ებრალიძის ინფორმაციით, სამართალდამცველები გუშინ ბაზაზეც იმყოფებოდნენ. 

„ირაკლი ბაჯელიძეს ეძებდნენ გუშინ, ბაზაზე მივიდნენ სამართალდამცველები და ეძებდნენ. დაახლოებით, 11:00 საათისთვის დამირეკა მთავარმა მწვრთნელმა და რატი იმერლიშვილი, მეკარე აიყვანეს სახლიდან. სხვა არაფერი არ ვიცით, უბრალოდ საღამოს დამირეკეს, რომ კითხულობდნენ ირაკლი ბაჯელიძეს და ეძებდნენ, რომელიც არ დახვდათ ბაზაზე და აიყვანეს მეკარე რატი იმერლიშვილი. კონკრეტულად რა თამაშზე ვის რას ედავებიან, ჯერჯერობით უცნობია, დაველოდოთ მოვლენებს,“ - განაცხადა ლანჩხუთის გურიის პრეზიდენტმა,  კახა ებრალიძემ.

 

დღის ამბები