17 ნოემბერი 2024,   17:56
ვრცლად
დედის მიერ გაგუდული 8 თვის ჩვილის საქმის ახალი დეტალები - არასრულწლოვანი გოგონა სავარაუდოდ, ბიჭთან ერთად გაიქცა

აღაიანში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმე - არასრულწლოვანი დედა, რომელმაც შვილი სავარაუდოდ, გაგუდა, სახლიდან ოქროს ნივთებითა და ფულით გაიქცა.

გარდაცვლილი ბავშვი ეტლში მამამ ნახა. არასრულწლოვანი დედა თბილისში დააკავეს. როგორც შს სამინისტროში ამბობენ, დედა დანაშაულს აღიარებს. ოჯახის ახლობლების განცხადებით, არასრულწლოვანი ამბობს, რომ საკუთარი შვილი ქმარზე და დედაზე შურისძიების მიზნით გაგუდა. 

„დილით გამთენიისას ექვსი საათი იქნებოდა ბავშვის მამამ გაიღვიძა ვერ იპოვა მისი ცოლი, მერე ბავშვი მოიკითხეს. მამა იპოვა, ეგონა რომ ეძინა, მერე აღმოჩნდა, რომ გარდაცვლილი იყო, გარდაცვლილი კი არა მოკლული. გამოიძახეს პოლიცია და აქედან გაჩნდა ეჭვი, რომ ბავშვი დედამ მოკლა. ტანსაცმელი გამოუცვლია, ოქროული აიღო და წავიდა. ამბობს,რომ ქმრის და საკუთარი დედის გამწარება უნდოდა. მიზეზი ვერ გაგვირკვევია,“-ამბობს ოჯახის ახლობელი.

ბრალდებულის მეუღლის ოჯახის ახლობლებს უჭირთ მიზეზზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ თავიდან უბედური შემთხვევა ეგონათ, ისიც კი იფიქრეს, რომ დედამ შვილის გარდაცვალების შემდეგ, თვითმკვლელობა სცადა. არასრულწლოვანის მეუღლის მამიდა კი ამბობს, რომ ოჯახში კონფლიქტური სიტუაცია იყო. 

"წაიღო ოქრო, დაულომბარდებია და როგორც ამბობენ, ის ღამე სასტუმროში გაუტარებია იმ ბიჭთან ერთად. 24 საათი მესიჯობდა, მესიჯებს შლიდა, მეუღლე ეუბნებოდა,წამოდი, ამოვყაროთ ვის ემესიჯებიო,"-ამბობს ნონა დვალიშვილი.

არსებული ინფორმაციით, ბრალდებული დედა თბილისში ერთ-ერთ სასტუმროში დააკავეს. 

დღის ამბები