მოზარდების მკვლელობის საქმეზე, ცრუ ჩვენების ბრალდებით დაკავებული არასრულწლოვნის, დ.ღ.-სთვის პატიმრობის შეფარდებას სასამართლოში ხმაური მოჰყვა. მოსამართლის გადაწყვეტილება, არასრულწლოვნის ოჯახის წევრებმა გააპროტესტეს. მოზარდის მამა ამბობს, რომ ყველამ ხელი მის შვილს "შეაწმინდა"
დღევანდელ პროცესზე, სადაც დამნაშავედ ცნობილი არასრულწლოვნისთვის მოსამართლეს განაჩენი უნდა გამოეტანა, ოჯახი პატიმრობას არ ელოდა. მსჯავრდებულის მამა გადაწყვეტილებას ხელისუფლების დაკვეთას უწოდებს.
„ყველას პირობითი აქვს, ხომ გადაამტერეს ერთმანეთს ეს ბავშვები, ყველა ერთმანეთს დაუპირისპირეს. მთავრობამ, მთელმა პროკურატურამ შეაწმინდეს ხელი ბოლომდე და ესე გაგვიმეტეს“ - აცხადებს დაკავებულის მამა.
სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს დაკავებული დ.ღ-ს უფლებადამცველიც.
„ეს განაჩენი იმიტომ არის პოლიტიკური, რომ ახლა უნდათ სხვა არასრულწლოვნების სავარაუდოდ, დაკავება და დაჭერა. პლუს იმას, რომ იმ განაჩენზე, თითქოს თქვან, რომ მოწმეების გამო ვერ დადგა მართლმსაჯულება. იქ როდესაც საუბარია, ვისზეც ამბობდნენ, რომ დ.ღ.-მ ცრუ ჩვენება მისცა და ცრუ ინფორმაცია მიაწოდაო, არ მისული პიროვნების ჩვენება საერთოდ არ აქვთ მოსამართლეებს გაზიარებული“ - აცხადებს ადვოკატი.
ბრალდების მხარის ინფორმაციით, სასამართლოზე წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, დ.ღ. სასამართლომ წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ.
„სასამართლო პროცესზე, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ არასრულწლოვანი წარდგენილ ბრალდებაში სრულად სცნო დამნაშავედ“ - აცხადებს პროკურორი, ბესიკ ქვარცხავა.
ცრუ ჩვენების საქმეზე ბრალდებულ დ.ღ-ს პატიმრობა მიესაჯა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, არასრულწლოვანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა მართლმსაჯულების კოდექსის შესაბამისად, ერთი მეოთხედით შეუმცირდა და საბოლოოდ, 2 წლით და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა. დ.ღ. სასამართლო დარბაზში დააკავეს. მას ასევე პატიმრობაში გატარებული 6 თვე სასჯელის მოხდად ჩაეთვლება. დ.ღ. საპატიმროში 1 წელს და 9 თვეს გაატარებს.