17 ნოემბერი 2024,   17:25
ვრცლად
ავარია იტალიაში - საგარეო უწყების ცნობით, საქართველოს 8 მოქალაქიდან 2 ჰოსპიტალიზებულია

იტალიაში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა  - საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსში, რომელიც ამობრუნდა, ჩვენი ქვეყნის რვა მოქალაქე იმყოფებოდა. საგარეო უწყების წარმომადგენლის, ვლადიმერ კონსტანტინიდის ინფორმაციით, სხეულის დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია. თუმცა მისი თქმით, შოკური მდგომარეობის გამო, ორ მოქალაქე საავადმყოფოში გადაიყვანეს. კონსტანტინიდის ინფორმაციით, საქართველოს ორი მოქალაქე, კლინიკას, სავარაუდოდ, ხვალ დატოვებს.

„იტალიურმა მხარემ დაადასტურა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს, რომელიც შეემთხვა სიენადან ფლორენციაში მიმავალ ტურისტულ ავტობუსს, მასში იმყოფებოდა საქართველოს რვა მოქალაქე, რომელთაგან სხეულის დაზიანება არცერთ მათგანს არ მიუღია. რვა მოქალაქიდან მხოლოდ ორი იყო ჰოსპიტალიზებული. ჰოსპიტალიზაცია გამოწვეული იყო ადამიანების შოკური მდგომარეობით. ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან და, სავარაუდოდ, ხვალ მოხდება მათი ჰოსპიტალიდან გამოწერა,“ - განაცხადა ვლადიმერ კონსტანტინიდიმ.

იტალიაში ტურისტული ავტობუსი, რომელშიც საქართველოს მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ, ავარიაში მოყვა. შემთხვევა ქალაქ სიენას მახლობლად მოხდა. ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და გადაბრუნდა. დაიღუპა 40 წლის ქალი. ის სავარაუდოდ გიდი იყო, 30-ზე მეტი ადამიანი კი დაშავდა, 4 მათგანი კრიტიკულ მდგომარეობაშია.

ავარიის გამომწვევ ერთ-ერთ მიზეზად წვიმის შემდეგ სველი ასფალტი სახელდება. ავტობუსში სულ 50 ტურისტი იმყოფებოდა.

საქართველოს გარდა მგზავრები რუსეთის, სომხეთის, მოლდოვისა და უკრაინის მოქალაქეებიც იყვნენ. ავტობუსი სიენიდან ფლორენციაში მიდიოდა.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები