17 ნოემბერი 2024,   17:41
ვრცლად
თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი დაიღვაროს, მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს მაღაროელებს - პროტესტი ჭიათურაში

ხმაური ჭიათურაში - გაფიცულმა მაღაროელებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს და პირები ამოიკერეს. პირის ამოკერვის შემდეგ ისინი შეუძლოდ გახდნენ და სამედიცინო დახმარების გაწევა დასჭირდათ. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის წარმომადგენლის თქმით, მაღაროელებს ზოგადი სისუსტე აღენიშნებათ.

„ჩვენი მოთხოვნა ყველამ კარგად იცის და ბოლომდე გავიტანთ ჩვენსას, სანამ არ მივაღწევთ ჩვენს მოთხოვნებს. ველოდებით პასუხებს მთავრობიდან, ჩვენ არ შევჩერდებით,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

მაღაროელები მთავრობას მიმართავენ და მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„მე მივმართე მთავრობას, თუ უყვარს თავისი ერი, თუ უყვარს ტავის ხალხი, მიხედონ ხალხს. ადრეც მივმართე მე ბატონ ბიძინას და ახლაც მივმართავ, გაიხსენოს თავის ბავშვობა, თავისი წარსული და მერე მიხვდება რა დღეშია, ეს ხალხი. თუ მთავრობა ყურადღებას არ მოგვაქცევს, აქ მოხდება რაღაც სასწაული და თუ არ უნდათ ჭიათურელების სისხლი აქ დაიღვაროს, მოხდეს მოუხდენელი, დროულად მიიღოს მთავრობამ გადაწყვეტილება და მიხედოს ამ მაღაროელებს,“ - განაცხადა ერთ-ერთმა მაღაროელმა.

პროტესტმა ახალი ფორმა მიიღო. მაღაროელებმა ქალაქის ქუჩებში მსვლელობა მოაწყვეს.

მაღაროელთა პროტესტი უკვე მერვე დღეა, გრძელდება. ჭიათურაში ისევ გაჩერებულია ყველა მაღარო და სამსახურში გასვლაზე უარს ამბობს სამი ათასზე მეტი დასაქმებული. ისინი ხელფასის მატებას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ. შიმშილობის შეწყვეტას არ აპირებენ მოშიმშილეებიც.

დღის ამბები