17 ნოემბერი 2024,   17:33
ვრცლად
უმწვავესი პროტესტის და შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში - საპროტესტო აქციამ მთელი ქალაქი მოიცვა

უმწვავესი პროტესტის და შიმშილობის მე-9 დღე ჭიათურაში - საპროტესტო აქციამ დღეს უკვე მთელი ქალაქი მოიცვა. მოშიმშილეები და ჯორჯიან მანგანეზის თანამშრომლები კარვებიდან დროებით გამოვიდნენ და საპროტესტო მსვლელობა ქალაქის ქუჩებში გამართეს.

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართვას.

აქციის მონაწილეებს თანამოაზრეები ყოველდღიურად ემატებიან.

„პროტესტის შეწყვეტას, რა თქმა უნდა, ჩვენ არ ვაპირებთ არანაირად, სანამ შედეგს არ დავდებ, სანამ არ მივიყვანთ ამ დაწყებულ საქმეს ბოლომდე. მაგრამ, როგორც ასეთი, არის ნიუანსები, რომელიც უნდა შეიცვალოს. ერთმანეთში აქვთ საუბრები მთავრობას და ჩვენს წარმომადგენელ კომპანიას, რომელმაც გაგვიშრო უკვე წლებია, სისხლი... შაბათ-კვირა უნდა მივცეთ დრო. მგონი, ამ შაბათ-კვირას დააფიქსირებენ ჩვენს სახალხო აზრს... ველოდებით, თუ არადა მოუწევთ თითოეულ მათგანს, დატოვონ სამსახურები,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ სანამ შედეგი არ დადგება და მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, პროტესტს არ შეწყვეტენ.

„მივმართავთ კომპანიას, რომელიც ეწევა დაშინების და ზეწოლის კამპანიას, უგზავნის მესიჯებს, მუდმივად საუბრობს სამართალდამცავი ორგანოების ჩართულობაზე და ამით ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს მაღაროელებზე. ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია იმ კომპანიისგან კანონის ენით ლაპარაკი, რომელიც მუდმივად არღვევს შრომით კანონმდებლობას, გარემოს დაცვით კანონმდებლობას. ასევე, მივმართავთ სახელმწიფოს, რომ უზრუნველყოს ამ ადამიანების შრომითი უფლებების დაცვა,“ - განაცხადა აქციის მონაწილემ.

გაფიცული მაღაროელები ხელფასის 50 პროცენტით გაზრდას და სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ.

ამავე თემაზე
დღის ამბები