17 ნოემბერი 2024,   17:50
ვრცლად
პროტესტის მე-9 დღე ჭიათურაში - გაფიცულ მაღაროელებს სოლიდარობას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები უცხადებენ

ჭიათურელ მაღაროელებს, რომლებიც მე-9 დღეა, სამუშაო პირობების გაუმჯობესების გამო, პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავენ, სოლიდარობას პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები უცხადებენ.

ჭიათურაში იმყოფებოდა პარტია თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარის მოადგილე, გოგი წულაია და სამოქალაქო აქტივისტი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი.

გოგი წულაიამ ემიგრანტებს მიმართა და ჭიათურელი მაღაროელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვისკენ მოუწოდა.

„დღეს სოლიდარობის აქცია მქონდა ქუთაისშიც, იყო ზესტაფონშიც. სხვათა შორის, დღეს იყო ზუგდიდში, იყო თბილისშიც მცირერიცხოვანი, მაგრამ სოლიდარობის აქცია. დღეს სტამბოლში უკვე ლაივი ჩართეს და სოლიდარობა გამოუცხადეს, ხვალისთვის შეპირებული არიან, ათენში გაკეთდება სოლიდარობა. სოლიდარობის ჩართვა იქნება ბარიდან, იტალიის ქალაქიდან, სტრასბურგიდან და მე კიდევ ერთხელ მინდა, ყველა ემიგრანტს ვთხოვო, რომ აქ ვინც ვართ, ჩვენი ხმა ხელისუფლებას არ ესმის, ეს იგივეა, რაც მგლის თავზე სახარების კითხვა და მოგიწოდებთ, რომ საელჩოებთან ვინც შეძლებთ, იქ მიხვიდეთ და იქიდან გააკეთოთ ჩართვები სოლიდარობის. ვინც ვერ შეძლებთ საელჩოსთან მისვლას, პირდაპირ თქვენს ქალაქებში, სადაც მუშაობთ, რამდენიმე ათეულობით ადამიანი შეიკრიბეთ და გააკეთეთ ჩართვები სოლიდარობის,“ - განაცხადა გოგი წულაიამ.

გაფიცულ მაღაროელების შრომითი უფლებების დაცვას ითხოვს სამოქალაქო აქტივისტი, ჯოზეფ ალექსანდერ სმიტი. მისი თქმით, ყველა მოქალაქის ვალია, რომ გაფიცულების მიმართ სოლიდარობა გამოხატონ, რადგან მათ არ ეძლევათ სათანადო პირობებში მუშაობის უფლება.

„მე მინდა, გამოვხატო ჩემი სოლიდარობა ჭიათურელების მიმართ, განსაკუთრებით მაღაროელების მიმართ. ვფიქრობ, რომ ყველა მოქალაქეს, რომელსაც გული სტკივა, ზოგადად, ჩვენი ქვეყნის განვითარებაზე, შრომით პირობებზე, აქ უნდა იყოს, ხალხთან ერთად,“ - განაცხადა ჯოზეფ ალექსანდერ სმიტმა.

ჯორჯიან მანგანეზის 15 თანამშრომელი კი უკვე 9 დღეა, პროტესტის უკიდურეს ფორმას ხელფასების გაზრდის და სამუშაო პირობების გაუმჯობესების მოთხოვნით მიმართავს.

აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ პროტესტი მოთხოვების სრულად დაკმაყოფილებამდე არ შეწყდება. გაფიცულების მოთხოვნებს იზიარებენ ასევე ზესტაფონიდან და ტყიბულიდან ჩასული მხარდამჭერები და მსგავს პირობებში მყოფ ყველა მუშას მასშტაბური გაფიცვისკენ მოუწოდებენ. 

ამავე თემაზე
დღის ამბები