შიმშილობის მეათე დღე ჭიათურაში - „ჯორჯიან მანგანეზის“ მუშების ნაწილი კვლავ შიმშილობს. მუშათა სრული შემადგენლობა კი მე-12 დღეა გაფიცულია და სამუშაოზე გასვლაზე უარს ამბობს. ჯორჯიან მანგანეზის მენეჯმენტმა მათ ხელფასის ეტაპობრივი, 25%-იანი ზრდა შესთავაზა, რასაც მუშები არ თანხმდებიან და ანაზღაურების 50%-ით მომატებას მოითხოვენ. მხარეთა შორის შეთანხმება კვლავაც ვერ ხერხდება.
დღეს ერთ-ერთი მოშიმშილე მუშა შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში გადაიყვანეს. მკურნალი ექიმის განცხადებით, პაციენტს აღენიშნებოდა ძლიერი სისუსტე და თავბრუსხვევა. მისი მდგომარეობა ამჟამად სტაბილურია.
„მოყვანილია სასწრაფო დახმარების ბრიგადის მიერ მოშიმშილე. ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია. საშუალო სიმძიმის ითვლება. გამომშრალი, სითხის დეფიციტი აქვს. ჩაუტარდა გამოკვლევები. დღეს ჩვენ დავტოვებდით მაგრამ თვითონ რა მისიაც აქვს არ რჩება,“-განაცხადა მკურნალმა ექიმმა.
აქციის მონაწილეების თქმით, მათი მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება. ისინი ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.
გაფიცულ მუშებს სოლიდარობას ზესტაფონის ფეროს ქარხნის თანამშრომლები უცხადებენ.
„გვერდით დავუდგებით ყოველთვის ასეთ გაჭირვებულ დღეს ჩვენ ძმებს და ჩვენ მეგობრებს, ვფიქრობ, რომ სამართლიანად ითხოვენ თავის მონათხოვს,“-განაცხადა ზესტაფონის ფეროს ქარხნის ერთ-ერთმა თანამშრომელმა.
ავტორი: თამთა ჯიქია.