გარდამოხსნები, კრეტსაბმელები, საბუხრები, ენქერები, მიტრები და შესამოსლები - ქართული ქრისტიანული ხელოვნების უნიკალური ნიმუშების საცავი „პოსტსკრიპტუმის“ კამერისთვის სპეციალურად გაიღო.
ოთახი სულ 5 ათას 200 ექსპონატს იტევს. ეკლესია-მონასტრებში და დიდგვაროვნების სახელოსნოებში შექმნილი მე-12-19 საუკუნეების ნაქარგობებს დღეს მცველები განსაკუთრებული სიფრთხილით უვლიან.
უნიკალური ექსპონატის აღდგენასა და საკონსერვაციო პირობების შექმნაში წვლილი მუზეუმის თანამშრომლებთან ერთად, საქართველოში ამერიკის კულტურული მემკვიდრეობის ფონდმა შეიტანა.
ლითონის 11 კარადა ამერიკის შეერთებული შტატების დაფინანსებით მუზეუმმა 2006 წელს დაამზადა, მიკალტინის ქაღალდები და შესაბამისი ტემპერატურა იმის წინაპირობაა, რომ ოქროსა და ვერცხლის ძაფებით შესრულებული ნაქარგობა არ დაზიანდეს. მიუხედავად იმისა, რომ ექსპონატების დიდი ნაწილიც მათი ხელშეწყობით აღადგინეს, მათი ნახვა დამთვალიერებლებს იშვიათად შეუძლია.
დაფარნა, გარდამოხსნა, თავსაკრავები, ცხენის უნაგირზე დასაფენი ქსოვილი ამერიკის საელჩოს დახმარებით ერთხელ უკვე განახლდა, ახლა კი რესტავრაცია მეორედ უტარდება.
ავტორი: ნანა სისვაძე.