გორში, სტიქიისგან დაზარალებული მოსახლეობასთან სოფლის მეურნეობის მინისტრთან შეხვედრა ჩაიშალა. ფერმერებმა მინისტრისგან ვერც ერთ კითხვაზე პასუხი ვერ მიიღეს და შეხვედრით უკმაყოფილები არიან. დაზარალებულების უმრავლესობამ დარბაზი დატოვა.
ლევან დავითაშვილი დაზარალებულებს, მანამდე სანამ ისინი დარბაზს დატოვებდნენ, სავარაუდო კომისიის შექმნაზე ესაუბრებოდა, რომელმაც ზარალი უნდა დაითვალოს.
სოფლის მეურნეობის მინისტრმა შეხვედრაზე ღიად ისაუბრა, რომ ხელისუფლება ზარალის ანაზღაურებას არ აპირებს და დაზარალებულ ფერმერებს გაისად სეტყვის საწინააღმდეგო რაკეტების დამონტაჟებას დაჰპირდა.
დაზარალებულები ამბობენ, რომ თითქმის ყველა მათგანს ბანკიდან კრედიტი აქვს გამოტანილი. ისინი ამბობენ, რომ სეტყვამ სოფლებში მოსავალი თითქმის მთლიანად გაანადგურა და მოსახლება შემოსავლის წყაროს გარეშე დატოვა. დაზარალებულები მასშტაბური საპროტესტო აქციების დაწყებას არ გამორიცხავენ.
„ადგა ხალხი და მიდის. ვერ დაინახეთ? იმედი არ აქვთ და იმიტომ წავიდნენ. დაიღალა ხალხი. დაპირება კი არა, მერმის შემოდგომამდე რით იარსებოს ამ ხალხმა. თქვენ ოჯახებს დღეში რამდენი უნდა დათვალეთ, ქამრები შემოიჭირეთ მართლა და მართლა რა. 41 მილიონერი რომ გყავთ პარლამენტში და მილიარდელები რომ უნდა გახდნენ, ან ხალხმა კაპიკები რომ ჰქონდათ და აღარ აქვთ, რა ქნან?“ - ამბობს ერთ-ერთ დაზარალებული.
შეგახსენებთ, რომ მოსახლეობა დღეს დილიდან აქციას მართავს და სტიქიის შემდეგაც მიყენებული ზარალის ანაზღაურებას ითხოვს. ადგილობრივები ამბობენ, რომ მათ დიდი ზარალი მიადგათ სტიქიის შემდეგ, თუმცა ხელისუფლება მათი მდგომარეობით არ დაინტერესებულა.