17 ნოემბერი 2024,   17:42
ვრცლად
უბედური შემთხვევა ტყიბულში - კარიერზე, სადაც მიწა ჩამოიშალა, მამაკაცის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება

ტყიბულში, გარე მოპოვების კარიერზე ჩამოშლილ ნახშირსა და მიწის მასაში მოყოლილ მამაკაცს მაშველები ამ დრომდე ეძებენ.

„სამაშველო ღონისძიება გრძელდება. სამუშაოებში ჩართულია ქუთაისის და ტყიბულის სამაშველო ჯგუფები. სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენით ჩამოფრინდა თბილისის საგანგებო სიტუაციებზე მორეაგირე ჯგუფი. ჩვენი ინფორმაციით 55 წლამდე მამაკაცი არის მიწის მასის შედეგად მასში მოყოლილი. უწყვეტ რეჟიმში ვმუშაობთ მაშველები,“-განაცხადა საგანგებო სიტუაციების მართვის იმერეთის მთავარი სამმართველოს უფროსმა ვლადიმერ ჯღამაძემ.

მეშახტეები ამბობენ, რომ მათი გარდაცვლილი კოლეგა გამოცდილი და პროფესიონალი კადრი იყო. მიწის ჩამოშლა კი დამცავი სამაგრის გატეხვამ გამოიწვია. 

„30 წელიწადი მაინც ჰქონდა მიწის ქვეშ ნამუშევარი. პროფესიონალი კადრი იყო. ნუგზარ ხვადაგიანი რომელიც ამაგრებდა გვირაბს  გატყდა სამაგრი, ხის ბიგი გატყდა და გამოიწვია ჩამოშლა და იმ ჩამოშლილი მასის ქვეშ მოჰყვა შემთხვევით. ეტყობა ვერ გამოასწრო,“-განაცხადა მეშახტემ ნუგზარ რიჟამაძემ.

ქვა-ნახშირის კარიერი შპს „საქნახშირის“ საკუთრებაა.  კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ სამუშაოები საქნახშირის კუთვნილ ყველა საბადოზე ბოლო 10 თვეა შეჩერებულია. ამიტომ ბადრი არაბიძისთვის უცნობია რატომ იმყოფებოდა მიწის ქვეშ მოყოლილი მუშა კარიერზე ან რა სახის სამუშაოებს ატარებდა.

ბადრი არაბიძის თქმით, უბედური შემთხვევისთანავე ის კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენელს გაესაუბრა, რომელმაც უთხრა, რომ ადგილზე სადემონტაჟო სამუშაოებს აწარმოებდა, რა დროსაც მიწა ჩამოიშალა. 

„გასულ წელს იყო ანალოგიური შემთხვევა ამ მიმდებარე ტერიტორიაზე როდესაც ორი ადამიანი დაიღუპა და როდესაც ამ მენარდეები ასე ჰქვია, რომელთანაც საქ ნახშირს ჰქონდა ხელშეკრულება დადებული ესეთი იყო 21 ობიექტი, შეუწყდათ მათ ხელშეკრულება 1 ივნისიდან, ფაქტიურად მათ აღარ ჰქონდათ არავის ნახშირის მოპოვების უფლება. ეტყობა გარკვეულ რაღაც რეციდივებს ჰქონდა ადგილი და ამაზე იყო გამკაცრებული კონტროლი ჩვენი მხრიდან და მე როდესაც ფაქტზე მოვედი აქ და შემატყობინეს ობიექტის წარმომადგენელს გავესაუბრე და მეუბნება რომ უნდა ეწარმოებინათ სადემონტაჟო სამუშაოები და უნდა დაელუქათ ეს ობიექტი და მეუბნება ამ დროს მოხდა ეს ჩამოქცევა. დანარჩენს დეტალებში გამოძიება დაადგენს,“-განაცხადა ბადრი არაბიძემ.

ავტორი: რუსუდან ჯაბანაშვილი.

  

ამავე თემაზე
დღის ამბები