გარემოვაჭრეების მორიგი აქცია ბათუმში - აჭარის მთავრობის სახლთან შეკრებილები ქალაქის მერთან შეხვედრას მოითხოვენ. აქციის მონაწილეები ვაჭრობის ადგილმდებარეობის შეცვლას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ ხელისუფლებამ ისინი შიმშილისთვის გაწირა.
გარემოვაჭრეები ავტოსადგურის ტერიტორიიდან წერეთლის ქუჩაზე დაბრუნებას მოითხოვენ. ალტერნატივის სახით ისინი ფართის გამოყოფაზეც თანხმობას აცხადებენ, სადაც მათ ვაჭრობის საშუალება ექნებათ.
გარემოვაჭრეების უფლებადამცველის, თამაზ ბაკურაძის, განმარტებით, მას შემდეგ, რაც ქალაქის მერიამ მოვაჭრეები წერეთლის ქუჩიდან ავტოსადგურის ტერიტორიაზე გადაიყვანა, ვაჭრობა საერთოდ აღარ არის.
„ორი თვის განმავლობაში დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ საერთოდ, აბსოლუტურად არ არის ვაჭრობა და ვაჭრობა ამ ადამიანებისთვის არის შემოსავლის წყარო. თუ შემოსავლის წყარო და არსებობის წყარო არ ექნათ, ბუნებრივია, ეს უკვე პროტესტს იწვევს. ამ პროტესტმა მოიყვანა ახლა მთავრობასთან, რომ რაღაც ალტერნატიული წინადადება, გამოსავალი ერთად მოვძებნოთ,“ - განაცხადა ბაკურაძემ.