"რუსთავი 2"-ის გადამღებ ჯგუფზე წყალტუბოში მომხდარ თავდასხმას აპროტესტებენ ქუთაისელი ჟურნალისტები. ისინი "კურიერის" ოპერატორს და ჟურნალისტს სოლიდარობას უცხადებენ.
აქციის მონაწილეები, თეთრ ხიდზე შეიკრიბნენ და ჟურნალისტებზე ძალადობა დაგმეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ მოძალადეების გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება, მედიის წინააღმდეგ ძალადობის წახალისებას იწვევს.
„ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლა არის დასჯადი, ეს არის ის, რომ სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენ ბაკურს და ედიშერს. გარდა ამისა, სამართალი არ უნდა იყოს შერჩევითი და ის, რომ ჟურნალისტები არიან ხალხის სამსახურში და ადამიანებმა ჟურნალისტები უნდა განიხილონ როგორც მათი მოკავშირეები და არ უნდა გახდნენ ისინი ძალადობის ობიექტები“ - განაცხადა ტელეკომპანია ”მეგა TV”-ის ჟურნალისტმა, ნანა თოშხუამ.
შეგახსენებთ, „რუსთავი 2“-ის ჟურნალისტს ედიშერ მუშკუდიან და ოპერატორს ბაკურ ჩიხრაძეს, თავს მაშინ დაესხნენ, როდესაც ისინი წყალტუბოში, ზემო მესხეთში 7 თვის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დედის ოჯახში მივიდნენ.
შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმისა და ძალადობის ბრალდებით 2 პირი დააკავა. მოგვიანებით, ისინი 3 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.