ცხოველისადმი არასათანადო მოპყრობა 100-დან 500 ლარამდე დაჯარიმდება. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრა საკანონმდებლო ორგანოში ცოტა ხნის წინ გაიმართა.
ცვლილების თანახმად, შინაურ ბინადარ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობად მიიჩნევა კუდისა და ყურების მოჭრა. ასევე, სასტიკ მოპყრობად ჩაითვლება კლანჭებისა და ეშვების დამახინჯება, ხმის იოგების მოცილება და სხვა ვეტერინარული პროცედურები, რომელიც ცხოველის გარეგნობისა და ფიზიოლოგიური ფუნქციების შესაცვლელად იქნება გამიზნული.
ცვლილებები მიხედვით, ცხოველებისა და ფრინველებისადმი სასტიკი მოპყრობა, რამაც მათი დაღუპვა გამოიწვია, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის საფუძველი აღარ იქნება და სისხლის სამართლის კოდექსით დაისჯება.
ცვლილების თანახმად, ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია, დაისჯება საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომით 120-დან 240 საათამდე, შინაპატიმრობით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ჯარიმით ან ერთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთით.