ოპოზიცია ლარის გაუფასურების საგანგაშო ნიშნულზე საუბრობს. საპარლამენტო ოპოზიცია განსაკუთრებულ შეშფოთებას კობა გვენეტაძის განცხადებაზე გამოთქვამს. „ევროპული საქართველოს" წევრი ზურა ჭიაბერაშვილი აცხადებს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა დაადასტურა ის, რომ ლარის გაუფასურების პარალელურად, ფასები მკვეთრად მოიმატებს.
„ყველაზე საგანგაშო, რაც გუშინ მოვისმინეთ, არის ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განცხადება, რომ ინფლაცია ანუ ფასების ზრდა გადააჭარბებს სამიზნე მაჩვენებელს. ანუ ეს ნიშნავს, რომ მან დაადასტურა, რომ ლარის ეს რყევა გადაიზრდება ფასების ისეთ ზრდაში, რომელიც აისახება ჩვენი მოქალაქეების ჯიბეზე. საბანკო რეგულაციებით კობა გვენეტაძემ უკვე შეზღუდა ჩვენი ეკონომიკური ზრდა და ახლა ის უფრთხის მონეტარული განაკვეთის გაზრდას, რომ კიდევ უფრო არ შეამციროს ეკონომიკური ზრდა. ამიტომაც ვამბობთ ეკონომიკური საქართველო, რომ რაც მეტია რეგულაცია მით უფრო დაბალი ეკონომიკური ზრდაა და უფრო სუსტია ლარი და უფრო მაღალია ფასების ზრდა შესაბამისად და გამოსავალი ამიტომაც არის დაბალი გადასახადები და ნაკლები რეგულაციები,“-განაცხადა ზურა ჭიაბერაშვილმა.
ლარის საგანგაშო ნიშნულზე საუბრობს ენმ-ც. რომან გოცირიძე აცხადებს, რომ საჭიროა დაუყოვნებლივი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. მათ შორის არის სახელმწიფო ბიუჯეტის კორექტირება.
„ლარის კურსმა მიიღო ძალიან სახიფათო ხასიათი. არის სერიოზული გულობრყვილობა, რომ ეს რაღაც საგარეო ფაქტორებს გადავაბრალოთ. დამნაშავე არის საბიუჯეტო პოლიტიკაც, ფინანსური პოლიტიკა, მთავრობის ის პოლიტიკა რომელსაც იგი აწარმოებდა, ასევე ეროვნული ბანკის შეცდომები, რომელიც მას მოსდიოდა მთელი წლის განმავლობაში. განსაკუთრებით ფულად-საკრედიტო პოლიტიკის შერბილების კუთხით, როდესაც სინამდვილეში მოსალოდნელ იყო სწორედ მსგავსი მოვლენები. ამიტომ პირველი ნაბიჯი არის სტაბილურობისა არის ბიუჯეტის კორექტირება, ისევე როგორც ეროვნული ბანკის შესაბამისი ზომების გატარება დაუყოვნებლივ,“-განაცხადა რომან გოცირიძემ.
საერთაშორისო ბაზრებზე ვაჭრობა დილიდან ლარის გაუფასურებით დაიწყო. ბლუმბერგის ტერმინალზე ერთი დოლარის ღირებულება 2 და 80-იან ნიშნულს მიუახლოვდა.