17 ნოემბერი 2024,   17:52
ვრცლად
სიძულვილის შემცველი პოსტი - საკრებულოს დეპუტატისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას ითხოვენ

სამოქალაქო საზოგადოება ქუთაისის საკრებულოს დეპუტატს, ნანა კოსტავას ქსენოფობიური, ჰომოფობიური და სიძულვილის შემცველი განცხადებების გამო დაუპირისპირდა. ისინი ფრაქცია „ქართული ოცნება -კონსერვატორების“ თავმჯდომარისთვის უფლებამოსილების შეწყვეტას საჯაროდ ითხოვდნენ.

„ქუთაისის საკრებულო ნანა კოსტავას გარეშე! ნანა კოსტავა საკრებულოს სირცხვილია!“ - ამ მოწოდებით გამოვიდნენ მოქალაქეები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ქუჩაში. ქალაქის მერიის წინ აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც ცნობილი გახდა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა სოციალურ ქსელში სიძულვილის შემცველი განცხადება გამოაქვეყნა. აქციის მონაწილეებს ნანა კოსტავას ნაცვლად, ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარემ მოუბოდიშა.

„კაი დღეში ხარ ახლა, იცინე!“ - ეს პოსტი სალომე ბარკერის ფოტოთი ქუთაისის საკრებულოს დეპუტატმა 28 მაისს გამოაქვეყნა, როცა ცნობილი გახდა, რომ ლაგოდეხში, ჩანჩქერზე დაღუპული 16 წლის გოგონა ჟურნალისტის და იყო. სოფიო ნიკოლაიშვილი სკოლის ექსკურსიის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორების“ თავმჯდომარემ, ნანა კოსტავამ საკუთარი პოსტი პროტესტის შემდეგ წაშალა და განმარტა, რომ არ იცოდა ამ ტრაგედიის შესახებ.

პოსტთან დაკავშირებით საგანგებო განცხადება ქუთაისში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა გაავრცელეს. ჟურნალისტების გადაწყვეტილებით, ნანა კოსტავას აღარ მიეცემა საშუალება გამოიყენოს ქუთაისში არსებული საინფორმაციო პლატფორმა. 

ამ პოსტის გარდა, ქუთაისში კარგად ახსოვთ სიძულვილის შემცველი არაერთი განცხადება, რომელსაც კოსტავა ოპონენტების მისამართით აჟღერებდა. 2017 წლის თებერვალში ნანა კოსტავამ Facebook-ის პირად გვერდზე საჯაროდ დაწერა მაია ასათიანის შვილის გარდაცვალების შესახებ. კომენტარებში კი თავადვე დააზუსტა, რომ ნამდვილად ჟურნალისტის ტრაგედიაზე წერდა.

ნანა კოსტავა, რომელიც საკრებულოს გენდერული საბჭოს წევრია, პარლამენტის წევრ თინათინ ბოკუჩავაზეც წერდა. მან 19 მაისის შუალედური არჩევნების ღამეს, ზუგდიდელი პოლიციელები საარჩევნო უბნიდან ოპოზიციონერი დეპუტატის ძალის გამოყენებით და შეურაცხმყოფელი ფორმით გამოყვანის გამო აქებდა.

 

  ავტორი: ნინო გაზდელიანი.

დღის ამბები