ბიძინა ივანიშვილის სახლთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე იმ არასრულწლოვანის ოჯახის წევრები და უფლებადამცველები შეიკრიბნენ, რომლებმაც ბოლნისის პოლიციის თანამშრომლები ფიზიკურ და სექსუალურ ძალადობაში ამხილა. დაზარალებულის ახლობლები ყველა დამნაშავის დასჯას და შსს მინისტრისა და მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვენ.
არასრულწლოვანი ამბობს, რომ მას სურს ყველა დამნაშავე დაისაჯოს, რადგან ანგარიშსწორების შიშით ქუჩაში ვერ გადის.
„ოთხი ამოვიცანი და ეს კონსტანტინე არის ქუჩიშვილი დასჯილი მხოლოდ და მე მინდა, რომ სულყველა დაისაჯოს, ერთი კვირის განმავლობაში რომ დაისაჯონ. მე გარეთ ვერ გავდივარ, მეშინია, რომ ანალოგიური არ დამემართოს, არ დამიჭირონ და კიდევ არ მცემონ. მინდა, რომ ყველა დაისაჯოს სასწრაფოდ,“- ამბობს დაზარალებული.
დაზარალებულის ადვოკატი ამბობს, რომ არასრულწლოვანზე ძალადობაში რამდენიმე პოლიციელი მონაწილეობდა დაკავებული კი მხოლოდ ერთია. ფრიდონ სიხუაშვილის განცხადებით, ისინი მინიმუმ 10 სამართალდამცველის დაკავებას ითხოვენ.
„დადგენილებაში ნათქვამია, რომ პოლიციელების მხრიდან მოხდა ამ ბავშვის წამება, არაადამიანური მოპყრობა, სექსუალური ძალადობა და ყოველივე ამის შემდეგ დააკავეს მხოლოდ ერთი პოლიციელი. რაც უნდა წაეყენებინათ 144 პრიმა მუხლი, რომელიც ითვალისწინებდა 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას და ასევე უვადოდ თავისუფლების აღკვეთას, ნაცვლად ამისა, წაუყენეს სულ სხვა ბრალი. აქედან გამომდინარე ჩვენ ვამბობთ, რომ მინიმუმ ათი პოლიციელი როგორც მწამებლები ასევე გამომძიებლები ოთხი მუხლით მინიმუმ, რაც აქვთ დანაშაული ჩადენილი, ეს არის მტკიცებულებების განადგურება, ასევე არის დამნაშავეების ხელის დაფარება, აი, ეს ყველა პოლიციელი უნდა მიეცეს პასუხისგებაში,“- აცხადებს ფრიდონ სიხუაშვილი.
აქციაზე იმყოფება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებაში სწორედ სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის პროტესტით მოვიდა, თუმცა ახლა მოძალადე პოლიციელებს ხელს ის და მისი მთავრობა აფარებს.
„ამ ქვეყანას, ჩემი შეფასებით, მართავს ივანიშვილი. ჩემი შეფასებით ის არის შსს მინისტრის და მთავარი პროკურორის და ყველა იმ უბედურების ავტორი, რაც ამ ქვეყანაში ხდება. მთელი ბოლნისი ჩამოვა აქ და აქედან არავინ არ წავა. მე მინდა ივანიშვილმა იცოდეს იქ „პადვალში“ რომ ზის ახლა და გვიყურებს, არ შერჩება მას. ამით მოვიდა ის ხელისუფლებაში, ადამიანზე სქესობრივი ძალადობა რომ აღკვეთილიყო და ეს სქესობრივი ძალადობა რომ ხდება ეს არის მთლიანად „ ქართული ოცნების“ და ივანიშვილის დამსახურება , იმიტომ, რომ ამ მოძალადე პოლიციელებს თავზე ხელს აფარებენ,“- აცხადებს ზაზა ხატიაშვილი.