ხორავას საქმის მთავარი და ყველაზე სკანდალური ფიგურანტის დაკავების შემდეგ შესაძლოა, დღის წესრიგში შინაგან საქმეთა სამინისტროს იმ მაღალჩინოსნებისა და საქმის პროკურორების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, რომლებმაც ორი მოზარდის მკვლელობის საქმის მტკიცებულებები გააყალბეს.
მიხეილ კალანდიას დაკავება და მის მიმართ სამართლებრივი დევნის დაწყება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის ერთ-ერთი მთავარი რეკომენდაცია იყო. თუმცა კომისიის დასკვნაში კალანდია არ ყოფილა ერთადერთი პირი, რომლის მიმართაც დევნის დაწყების რეკომენდაცია გაიცა. როგორც კომისიამ თავის დროზე დაადგინა, საქმის ძიება კონკრეტულმა სამართალდამცველებმა წარმართეს ხარვეზებით და ამით, ნებსით თუ უნებლიეთ, ხელი შეუშალეს მართლმსაჯულების აღსრულებას.
ოპოზიცია ასახელებს კონკრეტულ მაღალჩინოსნებსაც, მათ შორის დეტექტივების სამსახურის ყოფილ უფროსს, სოსო სიგუასაც, რომელიც პასუხისგების ნაცვლად ხელისუფლებამ მარნეულში წინასაარჩევნო კამპანიაში დაიხმარა.
ოპოზიცია მმართველი გუნდის პოლიტიკურ პასუხისმგებლობაზე საუბრობს, "ქართულ ოცნებაში" კი ამბობენ, რომ მოცემულობა გამოძიების ინტენსიურ ფაზაში გადასვლის შემდეგ შეიცვალა.
ხორავას ქუჩის საქმის გამოძიების პროცესში დაშვებული შეცდომების აღიარებისკენ მოუწოდა ძალოვან უწყებებს სახალხო დამცველმა. ნინო ლომჯარია ამბობს, რომ სისხლიანი გარჩევის საქმეში ჯერ კიდევ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა. ის ითხოვს, რომ სამოხელეო დანაშაულის მიმართულებით გამოძიების დაიწყოს.
საპარლამენტო უმრავლესობამ ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის ერთ-ერთი მთავარი ფიგურანტის, მიხეილ კალანდიას დაკავების შემდეგ რიტორიკა შეცვალა და სხვა პირების შესაძლო პასუხისმგებლობაზეც ალაპარაკდა. პარლამენტის თავმჯდომარემ არ გამორიცხა, რომ საქმესთან დაკავშირებული სხვა მაღალჩინოსნების პასუხისმგებლობის საკითხი დადგეს, მაგრამ ვის გულისხმობდა, ირაკლი კობახიძეს არ დაუკონკრეტებია.