17 ნოემბერი 2024,   19:34
ვრცლად
ძალადობა სპეცრაზმის მხრიდან - "კურიერმა" დეტალები გაარკვია

სპეცრაზმის დარბეული, დაჭრილი და დაკავებული ადამიანების მდგომარეობა უმძიმესია. „კურიერმა“ მოიპოვა კადრები, რომელიც სასამართლოს საკანშია გადაღებული, სადაც ჩანს, როგორ ძალადობენ ისედაც მძიმე მდგომარეობაში მყოფ დემონსტრანტებზე.

სამართალდამცავები ფიზიკურად სოსო თხელიძეს გაუსწორდნენ. მისი მდგომარეობა იმდენად დამძიმდა, რომ ცოტა ხნის წინ სასწრაფო დახმარებამ სასამართლოდან კლინიკაში გადაიყვანა. „კურიერის“ მიერ მოპოვებული კადრები საქალაქო სასამართლოშია გადაღებული.

სოსო თხელიძემ აქციაზე ყოფნის დროსაც მიიღო დაზიანებები, რის შემდეგაც დააკავეს და წინასწარი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. ამის შემდეგ კი უკვე საქალაქო სასამართლოში გაიმართა მისი პროცესი. მას წვრილმან ხულიგნობას და პოლიციის კანონიერი მოთხოვნის მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან.

ადვოკატი, ლევან ჩხეიძე ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ღირსების შემლახველ მდგომარეობაში ჰყავდათ.

„არნახული რამ ხდება, რა არ მინახავს. სააკაშვილის დროს მოჭიდავეების საქმეებზე გამოვდიოდი, სასამართლო დარბაზი დალეწეს მაშინ მოჭიდავეებმა, გახსოვთ. მაშინაც კი ბევრად ჰუმანური, ბევრად გონივრული და ბევრად ადეკვატური მართლმსაჯულება იყო. არანაირი დოკუმენტური მტკიცებულებები, მარტო მოაქვთ 37 წლის „ტროიკებია“ დაბრუნებული ქვეყანაში - მოდის პოლიციელი, აქვს ჩამოწერილი შაბლონურად ერთი და იგივე ტექსტი და ერთი და იგივე ტექსტით 12-13 დღე, ერეკებიან. ტელევიზიით გავრცელდა, მისი ღირსების შემლახველი მოპყრობა პოლიციელების მხრიდან და ვთვლი, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით უნდა დაიწყოს საქმის წარმოება,“ - განაცხადა ადვოკატმა.

კლინიკა „ვივა მედის“ ექიმი ვალერი გელაშვილი ადასტურებს, რომ თხელიძეს სხვადასხვა სახის დაზიანება ჰქონდა. თუმცა, ექიმის თქმით, საჭიროების მიუხედავად, პაციენტმა მკურნალობაზე უარი განაცხადა.

„იყო მრავლობითი ესკორაციები სახის არეში. პოლიციის თანხლებით შემოვიდა და ასევე, პაციენტმა განაცხადა უარი მკურნალობაზე და წავიდა. თუ არ ვცდები იყო პოლიციის განყოფილებიდან,“ - განაცხადა გელაშვილმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები