არასამთავრობო ორგანიზაცია "სამართლიანი არჩევნები", პარლამენტთან მიმდინარე აქციის მადისკრედიტირებელ კამპანიაზე საუბრობს. არასამთავრობო ორგანიზაცია განცხადებას ავრცელებს.
სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების შეფასებით, 20-21 ივნისის ღამის მოვლენების შემდეგ აგორებული საპროტესტო აქციების წინააღმდეგ, "ფეისბუქზე" დისკრედიტაციის დასპონსორებული კამპანია აქტიურად მიმდინარეობს.
ამ კამპანიაში ის "ფეისბუქ" გვერდები ჩაერთვნენ, რომლებიც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ოპოზიციური კანდიდატების და პარტიების წინააღმდეგ მოქმედებდნენ.
დისკრედიტაციის კამპანიისათვის გამოიყენება ახალ შექმნილი გვერდებიც. მადისკრედიტირებელი კამპანია წარიმართა ცრუ მედიის გვერდებზეც. ერთ-ერთი ასეთია "საინფორმაციო გვერდი", რომლის კავშირი მმართველი პარტიის ინტერესებთან, უკვე გამოავლინა "სამართლიანმა არჩევნებმა".
როგორც ორგანიზაციის განცხადებაში წერია, 2014 წლის 20-26 თებერვლის პერიოდში ეს გვერდი მოქმედებდა სახელწოდებით "თვითმმართველობის არჩევნები/ქართული ოცნება" და "ქართული ოცნება"-"თვითმმართველობის არჩევნები".
"ყველა შემთხვევაში მადისკრედიტირებელ კამპანიას დასპონსორებული სახე აქვს,"- წერია სამართლიანი არჩევნების განცხადებაში.