თბილისში, რუსთაველის გამზირზე, სამართალდამცველთა მობილიზებაა. პოლიციის დანაყოფები, პარლამენტის შენობასთან და მის მიმდებარედ განალაგეს.
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლები ოთხ რიგად განათავსეს.
„კურიერის“ ინფორმაციით, პოლიციელთა მობილიზება თბილისში რეგიონებიდანაც მოხდა. ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეები საკუთარი გეგმების შეცვლაზე უარს ამბობენ და მშვიდობიანი ბრძოლის გაგრძელებას აანონსებენ.
რუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა უკვე აღდგენილია.
ტერიტორიიდან გაყვანილია ავტობუსები, რომლებიც ორი აქციის მონაწილეებს ყოფდა.
„ჩვენ ვიქნებით, სანამ არ გადადგება გახარია. ამას ვიძახით 20 დღეა და აღარ უნდა გვჭირდებოდეს ეს კითხვა. რაც შეეხება იმას როგორ შემოვედით - როგოც ჩანს, პოლიციას ჰქონდა უკანონო ბრძანება, რომ მაქსიმალურად დიდი ხანი ყოფილიყო კორდონი. მთელი ღამე აქ არის 20 კაცი და 18 წლის გოგოებისთვის თვალში ტყვია არ დაენანათ და ამ 20 კაცს ვერაფერი ვერ შეჰკადრეს. იმ ჯგუფს, რომლებიც რაღაცეებს ისვრიან,“-განაცხადა ანტისაოკუპაციო აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა შოთა დიღმელაშვილმა.
ანტისაოკუპაციო აქციის მონაწილეებმა, რუსთაველის გამზირზე შესვლა დილის 6:00 საათზე შეძლეს. მოთხოვნა უცვლელია - გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელმაც პოლიტიკური პასუხისმგებლობა უნდა აიღოს 20 ივნისის აქციის სისხლიან დარბევაზე.
„დილით რატომღაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გაეხსნათ რუსთაველი და ჩვენ გადმოვსულიყავით იმ ტერიტორიაზე, სადაც უკვე მეოცე დღეა ვაპროტესტებთ. ჩვენთვის არ მოუციათ უსაფრთხოების გარანტია, პირიქით გუშინ მათ ცალსახად და ღიად განაცხადეს, რომ თუ ჩვენ დავიძვრებოდით ამ ტერიტორიისკენ, ისინი იხსნიდნენ პასუხისმგებლობას. ასეთი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაა შს მინისტრის მხრიდან,“-განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, სერგი კაპანაძემ.