საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმის სამუშაო ჯგუფი კონსულტაციებს განაგრძობს. პოლიტიკოსები და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები კვლავ დილიდან შეიკრიბებიან. პროპორციული სისტემით მომდევნო არჩევნების ჩატარებასთან დაკავშირებით მიღწეული წარმატების მიუხედავად, ოპოზიცია რეფორმაში არსებულ ხარვეზებზე ამახვილებს ყურადღებას.
მთავარ პრობლემად პარტიები საარჩევნო ბლოკების აკრძალვას მიიჩნევენ, რაც მძლავრ ოპოზიციურ გაერთიანებას საფრთხეს უქმნის.
„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ბეჟაშვილი ამბობს, რომ ხელისუფლების მიზანი პოლიტიკური ველის მოსუფთავებას ცდილობს.
„ამ ცვლილებებს შეგვიძლია დავარქვათ, გაერთიანებული ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცვლილებები,“-ამბობს ბეჟაშვილი.
ოპოზიცია რეფორმის პროექტში არსებულ თავისუფლების შეზღუდვის მცდელობაზეც საუბრობს, რომელიც მათი შეფასებით, პარტიებთან ერთად ქვეყანაში მედიასაც დააზარალებს.
„მკაფიო ჩანაწერები გვჭირდება და არა ასეთი სიძულვილის ენა, რომელსაც როგორც სურთ ისე მოაბამენ ყურს, მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლებამ ეს არ გამოიყენოს ოპოზიციის შესაზღუდად. ჩვენ ვთვლით, რომ ასეთი ჩანაწერი საფრთხის შემცველია,“-ამბობს „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, ოთარ კახიძე.
ეკა ბესელიას განცხადებით, ცვლილებების პროექტი დასახვეწია. დეპუტატის თქმით, აუცილებელია ბუნდოვანება, რომელიც ამ ცვლილებებს თან ახლავ საფუძვლიანად იქნას განმარტებული. ბესელია ამბობს, რომ მხარდამჭერთა სიების შეგროვების პრაქტიკა, რომელსაც ამკვიდრებს ახალი კანონმდებლობა რადიკალურად ეწინააღმდეგება ოდირის რეკომენდაციებს.
”კანონი და სამართალის” გენერალური მდივანი ირაკლი ღლონტი ამბობს, რომ ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც ხელისუფლების ოპონენტებს გაერთიანება ეკრძალებათ.
მმართველი გუნდი კი მოუწოდებს ოპოზიციას, ვიწრო პარტიული ინტერესი ყველამ გვერდით გადადოს და ქვეყნის უკეთეს მომავალზე ზრუნვით საარჩევნო კანონმდებლობაზე კონსენსუსი შედგეს.
კონსულტაციებში მონაწილეობს ცესკოს თავმჯდომარე, თამარ ჟვანია ამბობს, რომ გუშინდელ შეხვედრაზე უკვე იქნა ჩანიშნული ისეთი საკითხები, რომელთა ირგვლივაც მსჯელობა დღეს უნდა გაგრძელდეს.