17 ნოემბერი 2024,   23:49
ვრცლად
გუგუტიანთკარში, უკანონო ბორდერიზაციასთან დაკავშირებით, საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს 

რუსი ოკუპანტების მიერ, გუგუტიანთკარში განხორციელებული უკანონო ბორდერიზაციის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ მსგავსი ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზთან ახლოს მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობას. 

უწყების მიერ გავრცელებულ წერილში საუბარია, რომ ქართული მხარე, ინტენსიურად აგრძელებს მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, რათა ამ უკანონო ქმედების შეჩერების მიზნით, შესაბამისი ზომები იქნეს მიღებული. 

"მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას. 
 
"ქართული მხარე აგრძელებს ინტენსიურ მუშაობას საერთაშორისო თანამეგობრობასთან, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეებთან, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და თბილისში აკრედიტებულ დიპლომატიურ კორპუსთან, რათა მიღებულ იქნას ქმედითი ზომები აღნიშნული უკანონო პროცესის შეჩერების მიზნით.
 
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, შეწყვიტოს საქართველოს წინააღმდეგ მიმართული უკანონო ქმედებები და შეასრულოს ნაკისრი საერთაშორისო ვალდებულებები, მათ შორის, ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.
 
"საგარეო საქმეთა სამინისტრო მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, სათანადო შეფასება მისცეს და ქმედითი ზომები მიიღოს საოკუპაციო ხაზზე მიმდინარე უკანონო პროცესებთან დაკავშირებით" - ნათქვამია განცხადებაში. 

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაცია განაახლეს და პროცესი ბოლომდე მიიყვანეს. ინფორმაციას ამის შესახებ "კურიერს" ერთ-ერთი ადგილობრივი უდასტურებს, რომელიც აცხადებს, რომ დღეს დილას რუსმა სამხედროებმა, რამდენიმე დღის წინ დამონტაჟებულ ბოძებზე მავთულხლართები გააბეს, რითიც უკანონოდ მიითვისეს ტერიტორიის კიდევ ერთი ნაწილი. შედეგად 9 ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები ოკუპირებულია და მასზე ადგილობრივებს წვდომა აღარ აქვთ.

შეგახსენებთ, რომ ოკუპანტებმა პირველად ბოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს. 

ამავე თემაზე
დღის ამბები