17 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები - პაატა სალია ვალის რესტრუქტურიზაციაზე ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას იღებს

"რუსთავი 2-ის" გენერალური დირექტორი ფინანსთა მინისტრის შეთავაზებას იღებს და მზად არის ვალის რესტრუქტურიზაციასთან დაკავშირებით, ივანე მაჭავარიანთან მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდეს.

პაატა სალიას განცხადებით "რუსთავი 2-ის" დავალიანების ოდენობიდან გამომდინარე, მისი სწრაფად დაფარვა ვერ მოხდება. 

„ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახადო ვალდებულება. ცხადია, რომ სწრაფად ამ ვალების გასტუმრება ვერ მოხერხდება და ძალიან მძიმედ  ტვირთად  დააწვება კომპანიებს. ეს ალბათ ყველას ესმის დღეს. ჩვენ ვაპირებთ უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და გამოვნახოთ ყველაზე ეფექტური გზა, რომელიც ტელევიზიას ხელს შეუწყობს რომ ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხებები ამასთან დაკავშირებით,“-განაცხადა პაატა სალიამ.  

ფინანსთა მინისტრის ინიციატივას ეხმაურება ტელეკომპანია ”იმედის” იურისტი და აცხადებს, რომ  ​​ტელეკომპანია "იმედი" შეთავაზებისთვის მზად არის. 

„სამაუწყებლო საქმიანობა, ზოგადად, ძალიან დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული. ჩვენ ძალიან დიდი შრომის გაწევა გვიწევს იმისთვის, რომ ეს დანახარჯი შემოსავლებით დავაკომპენსიროთ და როდესაც კონკურენციას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ შენი კონკურენტი წყვეტს გადასახადებს და ეს ძალიან დიდი ხანი გრძელდება, ეს საკმაოდ არათანაბარ მდგომარეობაში გაყენებს. მარგამ, იმის გათვალისწინებით, რომ ეს განცხადება მიმართულია ყველა სუბიექტისადმი და აქ ასე ვთქვათ, უთანასწორობას ადგილი არ ექნება, ჩვენ პირიქით, მოხარულები ვართ და მზად ვართ ამ პრობლემის აღმოფხვრა. დღეის მდგომარეობით, კონკრეტული წინადადება მზად არ გვაქვს, თუმცა უმოკლეს ვადებში, რაღაც გონივრულ შეთავაზებას წარვადგენთ და ჩავერთვებით ამ სამუშაოში“ - აცხადებს ანდრო ლაშხი.

ფინანსთა მინისტრმა დღეს ტელეკომპანიებს, რომლებსაც სახელმწიფო ბიუჯეტის მიმართ დავალიანებები ერიცხებათ, მოუწოდა უწყებას ვალის რესტრუქტურიზაციაზე მიაკითხონ. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, უნდა დასრულდეს ის მანკიერი პრაქტიკა, როდესაც ტელევიზიებსა ვალებს ჩამოაწერდნენ ხოლმე. შესაბამისად, მინისტრის თქმით ყველა ტელევიზიას მოუწევს დავალიანების დაფარვა. მთავარი წინაპირობა კი ვალის გადანაწილების, მინისტრის განმარტებით, მიმდინარე თვის გადასახადის გადახდა იქნება. ივანე მაჭავარიანის განცხადებით, ტელევიზიების მხრიდან აღარ უნდა მოხდეს ახალი ვალების დაგროვება.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისთვის "რუსთავი 2-ის" დავალიანება 28 მილიონს აღწევს, 19 მილიონია "ტელე იმედის" ვალი, ხოლო იმედის ჰოლდინგში შემავალ "მაესტროს" სახელმწიფო ბიუჯეტის 9 მილიონი ლარი მართებს. 

შეთავაზებისთვის მზად არის ტელეკომპანია "იმედიც".

ამავე თემაზე
დღის ამბები