ნაწილ-ნაწილ და ნაგლეჯებად მიტაცებული ქართული სოფელი და ახალი რკინის კონსტრუქციები გუგუტიანთკარში - უკანონო საოკუპაციო პროცესმა სოფლის შუაგულში გადაინაცვლა. რკინის ბოძები რუს სამხედროებს სატვირთო მანქანებით გადააქვთ. ოკუპანტები ამ წუთებში რკინის ბოძებს ერთ-ერთი ადგილობრივის ნაკვეთში ამონტაჟებენ. მოსახლეობა იძულებულია დაშალოს საკუთარი სახლები და დატოვოს ტერიტორია. ხალხი შველას ითხოვს.
გუგუტიანთკარში საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლები ჩავიდნენ. ისინი სოფელში მიმდინარე მცოცავ ოკუპაციას თვალს ადევნებენ.
რუსმა ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში ბორდერიზაციის პროცესი 7 აგვისტოს დაიწყეს, თუმცა რამდენიმე დღით სამუშაოები შეაჩერეს. დღეს დილიდან კი ე.წ. საზღვრის გავლების პროცესი განაახლეს და ბოძები დამონტაჟება დაიწყეს.
ოკუპანტებმა რკინის ბოძები ადგილზე სატვირთო მანქანით მიიტანეს. არავინ იცის რა ნაწილი მოექცევა უკანონო საზღვრის მიღმა. საკმაოდ დიდია რისკი იმის, რომ საოკუპაციო ხაზის მიღმა აღმოჩნდეს სარწყავი არხიც, რომლითაც რამდენიმე სოფელი მარაგდება.
შეიარაღებული ოკუპანტები პირბადეებით გადაადგილდებიან.
ადგილზე სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია.