საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს - ამის შესახებ “კურიერთან“ ინტერვიუში, ეროვნული სააგენტოს დირექტორმა განაცხადა. ნიკა ანთიძის თქმით, ბედიის უნიკალურ სამონასტრო კომპლექსში ვითარება საკმაოდ რთულია, ამის მიზედად კი რუსული ოკუპაცია დაასახელა.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, საერთაშორისო თანამეგობრობას უახლოეს დღეებში მიმართავს, რათა ერთობლივი მონიტორინგი განხორციელდეს ყველა იმ კულტურულ ძეგლზე, რომელიც რუსეთის ხელისუფლების მიერ ჩადენილი ვანდალიზმის გამო, განადგურების საფრთხის ქვეშ იმყოფება.
"სამწუხაროა, ის რომ ამ კადრებში კარგად ჩანს ტაძრის ტერიტორიაზე ანუ ინტერიერში, რომ დგას ისევ ხარაჩოები, დგას დუღაბისთვის მოსაზელი აპარატურა და შესაბამისი მოწყობილობები, თვითონ ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს, რომ ზუსტად ოკუპაციის შედეგად ძეგლი ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. მივმართავთ, საერთაშორისო თანამეგობრობას, რომ რამენაირად დაიძრას ის პროცესი, რათა ერთობლივი მონიტორინგი მაინც განხორციელდეს იმ ძეგლებზე, რომელიც ასევე სავალალო მდგომარეობაშია და რომელზეც ძალიან ბევრი უხეში ჩარევაა განხორციელებული" - აცხადებს, ნიკა ანთიძე.
“კურიერმა“ ექსკლუზიურად მოიპოვა ვიოდეჩანაწერი, რომელშიც კარგად ჩანს განადგურებული მეათე საუკუნის უნიკალური ფრესკები, სადაც მღვდელმსახურება ამ დრომდე რუსულ ენაზე აღევლინება. ამასთან, განადგურებულია ბედიის სამონასრო კომპლექსის, როგორც შიდა, ასევე გარე ფასადი.