თბილისში "უკვდავი პოლკი"-ს საზოგადოებრივ მოძრაობად დარეგისტრირდა. ოპოზიცია ორგანიზაციის ჩამოყალიბებას რუსულ პროპაგანდად აფასებს. პოლკის მთავარ საინფორმაციო ვებგვერდზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები დამოუკიდებელ სახელმწიფოებად არის წარმოდგენილი.
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის ხატია დეკანოიძის თქმით, პროცესები რომელიც უკვდავ პოლკთან დაკავშირებით ვითარდება ჰიბრიდული ომის ნაწილია:
"არსებობენ იმისთვის, რომ გაავრცელონ რუსული პროპაგანდა, რაც შეეხება ნებისმიერ თანამშრომლობას მათთან და რაც შეეხება ნებისმიერი მსგავსი ორგანიზაციის შექმნას, რომელიც კავშირში იქნება პუტინის პროპაგანდისტულ ე.წ პატრიოტულ მოძრაობასთან, ეს არის უკიდურესად საშიში და იმის დადასტურება, რომ თანამშრომლობა არის აქტიურ ფაზაში გადასული და ეს არის ჩვეულებრივად ჰიბრიდული ომი,"- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
"ევროპული საქართველოს" წევრის სერგო რატიანის შეფასებით, მსგავსი ორგანიზაციები რუსეთის იდეოლოგიური იარაღია:
"ეს არის რუსეთის იდეოლოგიური იარაღი, რომლითაც ის უპირისპირდება დასავლეთს და აკეთებს დასავლეთის წინააღმდეგ ძალების კონსოლიდაციას, თავისთავად ეს მოძრაობა არის საფრთხის შემცველი ზოგადად ცივილური სამყაროსთვის და ბუნებრივია ჩვენთვის,"- განაცხადა სერგო რატიანმა.