18 ნოემბერი 2024,   04:31
ვრცლად
აშენდება თუ არა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი - "ბურთი სახელმწიფოს მოედანზეა"

15 ოქტომბერს ანაკლიის განვითარების კონსორციუმს ინვესტორის წარდგენის ვადა ეწურება. არსებობს ორი ალტერნატივა: სახელმწიფო ან  კონსორციუმთან ხელშეკრულებას გაახანგძლივებს, ან ხელშეკრულება გაწყდება.

კონსორციუმის აღმასრულებელი დირექტორი ირწმუნება, რომ პორტის მშენებლობის პროექტისთვის ორი ინვესტორი მოძებნილია. ლევან ახვლედიანი ახლა ხელისუფლების მხრიდან მოლაპარაკებების რეჟიმზე დაბრუნებას ელოდება.

მამუკა ხაზარაძეს დღეს "კონტი ჯგუფის" შემცვლელი კომპანიები არ დაუსახელებია. "ლელოს" დამფუძნებელი დარწმუნებულია, რომ ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობა ხელისუფლების ინტერესებში არ შედის.

ყაზახური "Meridian Capital Limited​" და ჰოლანდიური "Van Oord​" - ის ორი საინვესტიციო კომპანიაა, რომელზეც ხაზარაძემ დღეს ღიად საუბარი არ ისურვა. ამერიკული "კონტი ჯგუფის" ნაცვლად პროექტში მონაწილეობა სწორედ ყაზახურ "მერიდიანს" სურს. "მერიდიანის" სათავო ოფისი ჰონგ კონგში მდებარეობს. საინვესტიციო კომპანია ბაზარზე 2002 წლიდან ოპერირებს და ძირითადი პროექტები რუსეთში, ცენტრალური აზია-კასპიის რეგიონსა და აღმოსავლეთ ევროპაში აქვს განხორციელებული. რაც შეეხება ჰოლანდიურ "Van Oord​​-ს", მის მფლობელობაშია გემი "ათენა", რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან დამაღრმავებელ ტექნიკად ითვლება. კომპანიების შესახებ ინფორმაციას ფლობენ ინფრასტრუქტურის სამინისტროშიც.

ერთ-ერთი პრობლემა, რაც ინვესტორებსა და ხელისუფლებას შორის კვლავ გაურკვეველია, სახელმწიფოს მხრიდან ინვესტორისთვის ტვირთბრუნვის რისკების დაზღვევაა. ხელისუფლება კომპრომისზე წასვლას არ აპირებს.

სანამ ინვესტორები და სახელმწიფო ვერ თანხმდებიან, ქვეყანა მილიონობით ზარალს იღებს - ასე აფასებენ ექსპერტები პორტის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს. ეკონომისტების აზრი ორად გაიყო - ერთნი სახელმწიფოს მხრიდან კერძო სექტორისთვის მეტი თავისუფლების მიცემას ითხოვენ, მეორენი კი ხელისუფლებას პორტის ნაციონალიზაციას სთხოვენ.

ანაკლიის პორტის მშენებლობის დაწყებიდან დღემდე პროექტში სახელმწიფომ 58.6 მილიონი ლარი, ხოლო კონსორციუმმა 70 მილიონ დოლარამდე დახარჯა.  რა ბედი ელის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს, ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად ხელისუფლებას ვადა 29 ოქტომბრამდე აქვს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები