18 ნოემბერი 2024,   03:26
ვრცლად
500 მილიონამდე გაზრდილი საშინაო ვალი - დამტკიცდება თუ არა შეცვლილი ბიუჯეტი

2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ცვლილებები შედის. სამინისტროების, თბილისის მერიისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის დამატებითი ფინანსური სახსრების გამოყოფაზე გადაწყვეტილებას პარლამენტი 17 ოქტომბერს დაამტკიცებს. ბიუჯეტში ფინანსების ზრდის ფონზე, საშინაო ვალი 500 მილიონამდე იზრდება. ვალის გაზრდის პარალელურად, სახელმწიფო უწყებების დაფინანსების მატება ოპოზიციისთვის ხელისუფლების კრიტიკის მიზეზი კიდევ ერთხელ გახდა.

2019 წლის ბიუჯეტში ინფრასტრუქტურის სამინისტროს დაფინანსება 130 მლნ ლარით იზრდება. დამატებით 131 მილიონ ლარს მიიღებს განათლების სამინისტრო. ცენტრალური ბიუჯეტიდან 100 მილიონი გამოეყოფა თბილისის მერიას. სამინისტროებისა და მერიის გარდა, დაფინანსება 2 მილიონ 200 ათასით ეზრდება პრეზიდენტის ადმინისტრაციასაც. საშინაო ვალის ზრდის ფონზე, საბიუჯეტო თანხების მატებას კრიტიკულად აფასებს ოპოზიცია და აცხადებს, რომ ბიუჯეტის ფინანსური ზრდა, საბოლოოდ, ისევ ლარს დააზიანებს.

ოპონენტებისგან განსხვავებული პოზიცია აქვს ფინანსთა მინისტრის მოადგილეს. გიორგი კაკაურიძე საშინაო ვალის ზრდისა და სახელისუფლებო უწყებების დაფინანსების მატების ერთმანეთთან დაკავშირებას არარელევანტურად მიიჩნევს.

პრეზიდენტის ადმინისტრაცია არ პასუხობს კითხვას, თუ რატომ გახდა საჭირო წლის მიწურულს დამატებითი საბიუჯეტო სახსრების მოთხოვნა. განათლებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროებში კი ამბობენ, რომ დამატებითი თანხა დაწყებული პროექტების სრულფასოვნად განსახორციელებლად დასჭირდათ. იმავეს აცხადებენ დედაქალაქის მერიაშიც.

2019 წლის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს პარლამენტი ხვალ დაამტკიცებს. საერთო ჯამში ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 13 მილიარდ 313 მილიონით განისაზღვრება.

დღის ამბები