18 ნოემბერი 2024,   03:51
ვრცლად
გიორგი ბაგრატიონი შსს სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს. ამ თანამდებობაზე გიორგი ბაგრატიონი დაინიშნა. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს ახალი ხელმძღვანელი პირადად წარუდგინა.

"დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ახალი ხელმძღვანელი - გიორგი ბაგრატიონი არის პრინციპული ადამიანი, პროფესიონალი და კარგი მენეჯერი. ვფიქრობ, ის კარგად გაართმევს თავს ამ სამსახურს. ბევრი კარგი რამ გაკეთდა, ბევრი წინგადადგმული ნაბიჯია და ეს აუცილებლად გაგრძელდება,"- განაცხადა ვახტანგ გომელაურმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან შეხვედრაზე.

შეხვედრის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრი და დაცვის პოლიციის ახალი თავმჯდომარე დეპარტამენტში განხორციელებულ სიახლეებს გაეცნენ.

"5 წლის განმავლობაში ვიმუშავე სახელმწიფო სტრუქტურაში, კერძოდ, ქალაქ თბილისის მერიაში და მინდა მადლობა გადავუხადო ქალაქის მერს, მთავრობას, საკრებულოს გამოცხადებული ნდობისთვის. დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ჩემთვის არის ახალი გამოწვევა. ამ დეპარტამენტში მომუშავე 12 ათასი ადამიანი იცავს საქართველოს მასშტაბით ყველაზე მნიშვნელოვან ობიექტებს. დიდი მადლობა მინდა ბატონ მინისტრს გადავუხადო ამ ნდობის გამოცხადებისთვის და დღეიდან მზად ვარ, რომ განვახორციელო და განვაგრძო ის მიმართულებები და ცვლილებები, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში ამ დეპარტამენტში განხორციელდა,“ - განაცხადა გიორგი ბაგრატიონმა.

გიორგი ბაგრატიონი ამ დრომდე ქალაქ თბილისის მუნიციპალური ინსპექციის საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

დღის ამბები