გაიწვევს თუ არა სალომე ზურაბიშვილი ანა დოლიძეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრობიდან?-აღნიშნული საკითხი დღეს, დღის წესრიგში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომის მიმდინარეობის დროს დიმიტრი გვრიტიშვილმა წამოჭრა. საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა საქართველოს პრეზიდენტს მიმართა და დოლიძის კანდიდატურის გაწვევა მოსთხოვა, ამის მიზეზად გვრიტიშვილმა განაცხადა, რომ ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოს პოლიტიკურ ტრიბუნად იყენებს, რაც კანონმდებლობით აკრძალულია.
გვრიტიშვილის მოსაზრებას იზიარებენ საბჭოს წევრების უმრავლესობაშიც. მეტიც, მათ დღეს ანა დოლიძეს წარსული საქმიანობა შეახსენეს, მაშინ როცა დოლიძე თავდაცვის მინისტრის მოადგილედ და პრეზიდენტ მარგველაშვილის საპარლამენტო მდივნად მუშაობდა. წევრების განცხადებით, ახლა დოლიძეს პოლიტიკური მიზნები აქვს.
რაც შეეხება კიდევ ერთ არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილმა დღეს ამ საკითხზე კომენტარი არ გააკეთა, თუმცა თქვა, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს პოლიტიკური განცხადებების გაკეთება კანონით ეკრძალება.