საპარლამენტო ოპოზიცია დილიდან კრიტიკულად აფასებს ექსპერტიზის კითხვას, ჰქონდა თუ არა მაკო გომურს ჯანსაღი თვალი აქციის დარბევისას. "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ საქციელით განაცხადა, რომ 20-21 ივნისის აქციის მოვლენების დროს დამნაშავეები მხოლოდ აქციის მონაწილეები იყვნენ.
"სამართლებრივად, სამომავლოდ, სასჯელის თავიდან აცილებისთვის კეთდება ეს, მაგრამ ვერავინ ვერ აიცილებს ამ სასჯელს, ვინაიდან იყო აშკარა დანაშაული და აშკარა დანაშაული არის ჩადენილი უკვე თუნდაც მაკო გომურის წინააღმდეგ, " - აცხადებს რომან გოცირიძე.
მაკო გომურისათვის ექსპერტიზის მიერ დასმულ შეკითხვას, ასევე გამოეხმაურა პარლამენტის ფრაქცია "ევროპული საქართველოს" მდივანი გიორგი კანდელაკი. დეპუტატის განცხადებით ის ფაქტი, რომ მაკო გომური, არის ადამიანი, რომელმაც აქციაზე თვალი დაკარგა და დღემდე დაზარალებულის სტატუსის გარეშე იმყოფება არის ხელისუფლების დანაშაული.
"ადამიანს თვალი აღარ აქვს და დაზარალებულის სტატუსზეც კი უარს ეუბნებიან, რომ საქმის მასალები ნახოს მან. 4 თვის შემდეგ ეკითხებიან, რომ შემთხვევით უკვე უვარგისი ხომ არ იყო შენი თვალიო. რატომ უღირთ ეს თანამდებობები, სკამები საერთოდ, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის," - აცხადებს გიორგი კანდელაკი.
პროკურატურამ ამ საკითხთან დაკავშირებით წერილობითი განმარტება გააკეთა, სადაც აღნიშნულია, რომ კითხვა, რომელიც ექსპერტიზის ბიურომ დასვა, არის პროცედურის ნაწილი და ეს პროცედურა სწორედ იმას ემსახურება, რომ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება-არმინიჭების საკითხი გაირკვეს.
20 ივნისის აქციაზე დაზარალებულმა, მაკო გომურმა ექსპერტიზის მიერ დასმული კითხვის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში, მის პირად გვერდზე გაავრცელა. მაკო გომურისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აქვს ექსპერტიზას მასთან სხვა შეკითხვები.