"ქართული ოცნების" ოფისში გამართული უმრავლესობის შეხვედრის მიუხედავად, მაჟორიტარი დეპუტატების ნაწილი პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას კვლავ კატეგორიულად ეწინააღმდეგება. დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი კანონპროექტს წითელ ხაზს უწოდებს და კანონპროექტის მიღების შემთხვევაში უმრავლესობის რიგების, მასზე რაიმე ზეწოლის განხორციელების შემთხვევაში კი დეპუტატის მანდატის დატოვებას აპირებს.
წალკა-დმანისის მაჟორიტარი დეპუტატის კახა ოქრიაშვილის თქმით, იმისდა მიუხედავად, რომ ის პიროვნულად ბიძინა ივანიშვილს პატივს სცემს მის გადაწყვეტილებას არ ეთანხმება:
"მე არასოდეს ვეთანხმებოდი, იმ ხელმომწერებში მე ვერ მიპოვით," - განაცხადა ოქრიაშვილმა. მან სხვა მაჟორიტარებზე განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და განაცხადა რომ დღეს უმრავლესობის სხდომაზე ბიძინა ივანიშვილი განსაკუთრებულად აგრესიულად დიმიტრი ხუნდაძის მიმართ იყო განწყობილი:
"ყველაზე აგრესიულად იყო განწყობილი დიმიტრი ხუნდაძის მიმართ, რომ აქტიურობდა უთხრა, რომ დარბაზიდან გაგიყვანთო, აქამდეც კი მივიდა, მაგრამ ხუნდაძემ გაუძლო ამ ზეწოლას,"- აღნიშნა ოქრიაშვილმა.
ის, რომ აზრთა სხვადასხვაობაა და მყარი უმრავლესობა არ არსებობს დემოკრატიის ნიშნად მიიჩნევს ვიქტორ ჯაფარიძე:
"ჩემი ერთი ხმის პატრონი ვარ, რომელსაც ისე გამოვიყენებ როგორც მე ვთვლი. ნახავთ მოსამართლეების ხმის მიცემაზეც, რომ არ იქნება მყარი უმრავლესობა," - განაცხადა ვიქტორ ჯაფარიძემ.