უმრავლესობის დეპუტატები აცხადებენ, რომ მმართველ გუნდს აქვს საკმარისი რესურსი, რომ საპარლამენტო თანამდებობებზე ღირსეული და პროფესიონალი ადამიანები დაინიშნონ:
"ჩვენ გუნდში არის არაერთი ღირსეული და პროფესიონალი ადამიანი, რომელიც მნიშვნელოვნად შეძლებს, რომ გაართვას თავი ნაკისრ ვალდებულებებს. ჩვენთვის რაც მთავარია და რაც მინდა საზოგადოებამ იცოდეს, არის ის, რომ მნიშვნელოვანია არა თანამდებობები არამედ საქმე და ჩვენი მოქალაქეების სამსახურში ყოფნა," - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.
პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო, უმრავლესობიდან პროტესტის ნიშნად 12 დეპუტატის წასვლის შემდეგ პარლამენტის სამი კომიტეტი თავმჯდომარის, სპიკერატი კი 2 ვიცე-სპიკერის გარეშე დარჩა. მმართველმა გუნდმა საპარლამენტო თანამდებობის შევსების საკითხზე მუშაობა უკვე დაიწყო, გაიჟღერა რამდენიმე გვარმაც. გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს პარლამენტის საგარეო კომიტეტში თავმჯდომარის პოსტი შესაძლოა ირაკლი ბერაიამ დაიკავოს, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ხელმძღვანელი რომან კაკულია, განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე კი ნუკრი ქანთარია გახდეს, ხოლო ერთ-ერთი ვიცე-სპიკერი გიორგი კახიანი.