საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძის თხოვნის თაობაზე, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს, უმრავლესობის წევრები აცხადებენ, რომ მსგავსი გამონაკლისის დაშვება რეგლამენტით გათვალისწინებული არ არის.
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი აცხადებს, რომ პარლამენტის რეგლამენტით მხოლოდ ერთიანი პროცედურაა გათვალისწინებული.
"პარლამენტის რეგლამენტი ითვალისწინებს ერთიან პროცედურას, როდესაც ხდება კანდიდატების განხილვა, მათი მოსმენა, კანონმდებლობასთან შესაბამისობის დადგენა, და ერთი დასკვნის შემუშავება. შესაბამისად, ეს არის ერთიანი პროცესი და ამ ერთიან პროცესში უნდა მოხდეს კანდიდატებისთვის ან მხარდაჭერის გამოცხადება, ან არ გამოცხადება,"- განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.
იგივეს ამბობს პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, თუმცა აღნიშნავს, რომ საკითხთან დაკავშირებით საბოლოო გადაწვეტილება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა უნდა მიიღოს.
"ნორმა და სპეციალური დათქმა რაიმე საგამონაკლისო წესის შესახებ, რომ ცალკე შეიძლება ეყაროს კენჭი რომელიმე კანდიდატს სხვადასხვა მიზეზით, ასეთი რამ არ არის რეგლამენტის კონკრეტულ მუხლში, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილებას ამასთან დაკავშირებით, კომიტეტი მიიღებს,"- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე ზაზა თავაძე პარლამენტის თავმჯდომარეს მიმართავს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე მისი კანდიდატურის პარლამენტისთვის წარდგენა გადაიდოს. ზაზა თავაძე განხილვის შეჩერების თხოვნის მიზეზად განათლების მაგისტრის ხარისხთან შესაბამისობის დადგენისთვის საჭირო პროცედურებს ასახელებს.