18 ნოემბერი 2024,   17:26
ვრცლად
დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი ფილარმონიასთან აქციას გამართავს

პროპორციული არჩევნების მოთხოვნით, კიდევ ერთი აქცია ფილარმონიასთან. 

ამჯერად ორგანიზატორები დამოუკიდებელი დეპუტატი ბექა ნაცვლიშვილი, მშრომელთა გაერთიანება "სოლიდარობის ქსელი" და მეტროს მშრომელთა გაერთიანება "ერთობა 2013" არიან.

ბექა ნაცვლიშვილი გავრცელებულ განცხადებაში რამდენიმე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას. 

"რაც "ქართულმა ოცნებამ" პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის დანაპირები არ შეასრულა, გაჩნდა მოლოდინი, რომ ეს  ფართომასშტაბიანი პროტესტისა და პოლიტიკის ცვლილების საფუძველი გახდებოდა. ასე ცვლილება ვერ მოხდება.

პირველი - ხალხი დგას ძირეული პრობლემების წინაშე და აქედან გამოწვეული უიმედობის და უპერსპექტივობის განცდა აქვთ.

მეორე - დღეს ორი მსხვილი პოლიტიკური გაერთიანება ("ნაციონალური მოძრაობა" მისი განშტოებებით და "ქართული ოცნება") ერთმანეთთან ძალაუფლებისთვის ბრძოლით კვებავს ერთურთს, პირველი რევანშიზმით შეპყრობილი, მეორე კი ძალაუფლებას ჩაბღაუჭებული. ამიტომ, ორივე არა ხალხს, არამედ მხოლოდ ერთმანეთს ელაპარაკება.

პროპორციული საარჩევნო სისტემა არის შესაძლებლობა გაირღვეს ეს ჩაკეტილი წრე, დასრულდეს ორ პოლუსიანი პოლიტიკა და სხვა პოლიტიკურ ძალებსაც მიეცეთ შესაძლებლობა პარლამენტში საკუთარი წარმომადგენლობის ყოლის. 

მესამე - იმ ძირითადი მოთამაშეების უკან, ვინც დღეს პოლიტიკაშია ან პოლიტიკაში მოდის, არა მშრომელები, უბრალო ადამიანები, არამედ სავახშო და სხვა მსხვილი კაპიტალი დგას, რაც კიდევ უფრო ამცირებს მათ მიმართ ნდობას. ამის დასტურია მოძრაობა "ლელოც".

მეოთხე - იქ სადაც "ნაციონალური მოძრაობა" დგას, საზოგადოების დიდი ნაწილი ვერ და არ დადგება, რაც არ უნდა დიდი იყოს "ქართული ოცნების" მიერ იმედგაცრუება. 

პარტიების ერთმანეთთან უშინაარსო კინკლაობა ვინ პრორუსულია და ვინ პროდასავლური, ამ პრობლემებს ვერ მოაგვარებს. არჩევნები, გინდაც პროპორციული, არაფერს ნიშნავს, თუ მას არ მოაქვს ის ცვლილებები რაც ჩვენ გვჭირდება. 

დღესვე უნდა ვიბრძოლოთ უკეთესი პირობებისთვის, პროპორციული საარჩევნო სისტემა შესაძლებლობაა და არა მიზანი. თუ ადამიანებს ახლავე არ ეცოდინებათ, რა არის საბოლოო მიზანი, ისინი არ იბრძოლებენ.

ამიტომ,  დღესვე უნდა დავანახოთ ყველას, თუ რას ემსახურება ჩვენი ბრძოლა“- აღნიშნულია დამოუკიდებელი დეპუტატის ბექა ნაცვლიშვილის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

დღის ამბები