ღიად გაშიფრული თვითლუსტრაცია იყო რაც დღეს მოხდა - ასე აფასებს დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია საპარლამენტო თანამდებობებზე დასანიშნი პირების სიის გასაჯაროებას. ბესელიას განცხადებით, სხვადასხვა თანამდებობებზე ის ადამიანები გადანაწილდნენ, რომლებმაც საკონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირეს და ე.წ. ამბოხებულ მაჟორიტართა სიაში შედიან.
"ისეთი ღიად გაშიფრული თვითლუსტრაცია იყო, რაც დღეს მოხდა, რომ სწორედ ის ადამიანები დაასაჩუქრეს ნასუფრალის შემდეგ რაც დარჩათ, ვინც სწორედ ე.წ. მეამბოხე მაჟორიტარების სიაში აღმოჩდნენ, ასე ვუწოდებ მე დღეს ამ თანამდებობის დანაწილებას. ეს ძალიან იოლად გამჟღავნდა. უმრავლესობის ლიდერი განსაკუთრებით იწვევს ჩემში ღიმილს. ხომ ებრძვიან "ნაციონალური მოძრაობას" და იმ პერიოდში, ვინც მახსოვს, რომ დარბოდნენ ამბების მიმტან-მომტანად და დაბალი რანგის შემსრულებლებად, დღეს მმართველი პარტიის და "ნაციონალურ მოძრაობასთან" მებრძოლი პარტიის უმრავლესობის ლიდერი ხდება, ჩემში ეს იწვევს ღიმილს და სიბრალულის განცდას," - აცხადებს ეკა ბესელია.
შეგახსენებთ, პარლამენტში ვაკანტური თანამდებობები უკვე შევსებულია. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერად მამუკა მდინარაძე დაინიშნა, რომელიც ვიცე-სპიკერის პოსტსაც შეითავსებს. პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თანამდებობაზე წარდგენილია გია ვოლსკის, ვიცე-სპიკერების კი, გიორგი კახიანისა და კახა კუჭავას კანდიდატურები.
ევროინტეგრაციის კომიტეტს დავით სონღულაშვილი უხელმძღვანელებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელად ირაკლი ბერაია დაინიშნა, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ნინო წილოსანი უხელმძღვანელებს. განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტში მარიამ ჯაშს გენადი მარგველაშვილი შეცვლის.
საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარედ გურამ მაჭარაშვილი დაინიშნება.