ხვალიდან საქართველო ევროპის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყანა ხდება.
საქართველომ ამ პოზიციისთვის ოთხი პრიორიტეტი განსაზღვრა: ადამიანის უფლებები და გარემოს დაცვა. სამოქალაქო ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ბავშვზე ორიენტირებული მართლმსაჯულება - აღდგენითი მართლმსაჯულების ევროპული გამოცდილება. დემოკრატიის გაძლიერება განათლების, კულტურისა და ახალგაზრდობის ჩართულობით.
საქართველოს ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქვეყანა საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარეობას ჩაიბარებს.
საქართველოსთვის ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის გადმოცემის ოფიციალური ცერემონია სტრასბურგში 27 ნოემბერს გაიმართება. საქართველოს თავმჯდომარეობა საფრანგეთიდან გადმოეცემა და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა 2020 წლის 15 მაისის ჩათვლით იქნება.
"საქართველოს თავმჯდომარეობის ერთ-ერთი პრიორიტეტი იქნება ხელი შეუწყოს ურთიერთკავშირს ადამიანის უფლებებსა და გარემოს დაცვას შორის. თავმჯდომარეობა ხელს შეუწყობს იმ მიმდინარე ერთობლივ ინიციატივებს და პროგრამებს, რომლებსაც ევროპის საბჭო და ევროკავშირი უმაღლესი განათლების სფეროში ახორციელებენ," - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა.